საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის პირველ სხდომაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ განმარტა, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში აუდიტის სამსახური არის პარლამენტის ე. წ. „თვალი“ , რომელიც სწავლობს ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას და შესაბამისობას.
„ამიტომ, საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შექმნილია ჯგუფი, რომელიც სწავლობს, როგორ და რა პერიოდში სრულდება აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჯგუფი განიხილავს ასევე სადავო საკითხებს. 1 ივლისიდან 1 იანვრამდე შემოვიდა 12 ანგარიში, რომლებიც უნდა განვიხილოთ. წელს ეს პირველი სხდომაა. ჩვენი მიზანია, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები იყოს სრულად შესრულებული“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „ა(ა)იპ − საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობის 2017-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში”.
„საქართველო ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ღონისძიებების ერთ-ერთი მასპინძელი ჰაბი ქვეყანა გახდა. ჩვენს ქვეყანას 60-მდე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი აქვს 2015 წლიდან 2019 წლამდე ჩატარებული და თითოეულმა შეჯიბრებამ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის ახალი სტანდარტი დაადგინა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო საჭადრაკო ოლიმპიადა. ასეთი დიდი ღონისძიება 185 ქვეყნის 4000 სპორტსმენი საქართველოს არასდროს ჰყოლია“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ.
მან, ასევე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ მიღწეულ წარმატებებსა და განხორციელებულ მთელ რიგ სპორტულ ღონისძიებებზე ისაუბრა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა,ზაზა შეყილაძემ ზოგადად მიმოიხილა აუდიტის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობაში აუდიტის საგანი, რის შემდეგაც 5 რეკომენდაცია წარმოადგინა. თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ისაუბრა ფედერაციის ხელმძღვანელმა, გიორგი გიორგაძემ. ზაზა შეყილაძის განცხადებით, აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სპორტული ფედერაციის საქმიანობა შეამოწმა და მათ შორის ჭადრაკის ფედერაცია ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზებული ფედერაციაა.
„ძალიან კარგი, კონსტრუქციული თანამშრომლობა გვქონდა ჭადრაკის ფედერაციასთან. წინააღმდეგობას, პრობლემებს არ შევხვედრივართ აუდიტის პროცესში და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ობიექტის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ზაზა შეყილაძემ.
როგორც გიორგი გიორგაძემ აღნიშნა, ფედერაცია რეკომენდაციებს ასრულებს და ითვალისწინებს საქმიანობაში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ . როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კეკელიშვილმა აღნიშნა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაობის დეტალური შესწავლის შემდეგ, მის მიმართ შემუშავებულია 6 რეკომენდაცია. მან რეკომენდაციები სხდომას გააცნო.
თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მუმლაძემ. მათ ისაუბრეს ყველა იმ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი.