საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მოწინავე ქვეყანაა და ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, აშშ-ის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელ პირებს გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება გახდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
მამუკა ბახტაძემ ისაუბრა საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე და ქვეყნის პოტენციალზე, ჩამოყალიბდეს ბიზნესის, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ტურიზმის ჰაბად.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოხმარების ბაზარია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე, რომლის თანახმად, მომავალი სამი წლის განმავლობაში ქვეყანა რეგიონში, ეკონომიკური ზრდის კუთხით, ლიდერი გახდება.
მთავრობის მეთაური ამერიკელ ბიზნესმენებს დეტალურად ესაუბრა ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმაზე, განხორციელებულ უპრეცედენტო საგადასახადო რეფორმაზე და განაცხადა, რომ საქართველო იმ მოწინავე ქვეყანათა რიგებშია, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია.
მამუკა ბახტაძემ შეხვედრისას ყურადღება დაუთმო ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციას, საავტომობილო მაგისტრალების, რკინიგზის განვითარებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტებს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებულ გეგმებს.
პრემიერმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა განათლების რეფორმის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ის ეკონომიკაში დომინანტი სექტორი გახდეს, ვინაიდან ადამიანური კაპიტალის განვითარება ძალიან მაღალი პრიორიტეტია.
შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვით ხედვას “მწვანე პოლიტიკა”, რომელიც ეკოლოგიის გაჯანსაღებას, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და ორგანული პროდუქტის წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ძალიან საინტერესო ხედვები და რეფორმების სტრატეგია მოისმინეს.
საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მოწინავე ქვეყანაა
20/09/2018