საქართველო ახალ გზას იწყებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში

16/11/2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა, დღეს, ეკონომიკის სამინისტროში შემდგარი პირველი მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის შემდეგ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს. ვიცე-პრემიერმა და ევროკომისარმა, პრესპონფერენციაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

„ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის საქართველოში ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ კომისრის ვიზიტის ფარგლებში დღეს პირველად შედგა მაღალი დონის დიალოგი ენერგეტიკის სფეროში. როგორც ჩვენ შევთანხმდით, მაღალი დონის დიალოგი უკვე რეგულარულად, ყოველ წელს გვექნება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა დავითაშვილმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო ახალ გზას იწყებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, როდესაც კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების კუთხით. მისი ინფორმაციით, ევროკომისართან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების შესრულების თვალსაზრისით – ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით.

„ამისთვის, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით და კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით. თუმცა, მიღწეული პროგრესის გარდა ჩვენ გვაქვს ასევე ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჯერ კიდევ უნდა განხორციელდეს ენერგეტიკის მიმართულებით. ქვეყანას, რა თქმა უნდა, გააჩნია უდიდესი ენერგოპოტენციალი განახლებადი ენერგიების კუთხით და ამ პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და ათვისების გზაზე ჩვენ ვგრძნობთ ევროპის და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროკომისარ კადრი სიმსონის განცხადებით კი, მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი ენერგეტიკის სექტორზე ერთობლივი მუშაობის ინტენსიური პროცესის შედეგია.

„ჩვენ განვიხილეთ რეფორმები, ინვესტიციები და ასევე ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს ჰარმონიზაცია აუცილებელია არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არამედ ეს წესები აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ენერგოუსაფრთხო და ქვეყანამ მეტი ინვესტიცია მოიზიდოს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ არსებობს ერთიანი ხედვა და კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარს დაუჭერს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ფინანსური კუთხითაც “, – განაცხადა მან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სფეროში საქართველოს მჭიდრო დიალოგი აქვს როგორც ევროკომისიათან, ისე Energy Community-სთან. რეფორმების განხორციელების პროცესში კი ქვეყანა მუდმივად იღებს ტექნიკურ მხარდაჭერას ევროპელი მეგობრების მხრიდან. როგორც დღეს ლევან დავითაშვილისა და კადრი სიმსონის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ითქვა, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„ძალიან ბევრი მიმართულებით ქართული კანონმდებლობა უკვე შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან, მათ შორის შემოვიღეთ ენერგოეფექტურობის ეტიკეტირების ახალი სისტემა, რომელიც უკვე ნელ-ნელა ინერგება. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, სადაც, დარწმუნებული ვარ, მჭიდრო დიალოგის ფარგლებში ასევე პროგრესი გვექნება. ასევე ვმუშაობთ ინსტიტუციური მოწყობის და გაუმჯობესების კუთხით, სადაც გადაცემისა და გენერაციის ფუნქციები მკაფიოდ იქნება გამიჯნული და ესეც, რა თქმა უნდა, უფრო პროგნოზირებადს გახდის და უფრო სამართლიან თამაშის წესებს გააჩენს ენერგოსისტემაში“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და ევროკომისარმა კადრი სიმსონმა დიალოგის ფორმატში განიხილეს – საქართველოს პოტენციალის სრულად გამოკვლევის შესაძლებლობები განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით. მათ ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.
როგორც დღეს მხარეები შეთანხმდნენ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0