საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც დაცულია ექსპორტიორების უფლებები; ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა, ხოლო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის” ინვესტორებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და პირადად მისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
“ამ ნარატივს ზურგს უმაგრებს სტაბილური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ინსტიტუციური სიმტკიცე და მთავრობის უნარი და ამბიცია, განახორციელოს
ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გეგმა, ასევე წინდახედული მაკროეკონიმიკური პოლიტიკა. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ რეფორმების გატარებისა და ამ მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების კუთხით. საქართველო ღირსეულად გაუმკლავდა კრიზისს და გარე შოკს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორიოდე წლის წინ; გამოამჟღავნა რეგიონში სამაგალითო სიმტკიცე, რასაც ცხადყოფს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება.
2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდამ შეადგინა 4.7%.
საქართველოს მრავალფეროვანი საინვესტიციო ბაზა უზრუნველყოფს ეკონომიკის სიმტკიცეს და ქმნის ფართო საინვესტიციო შესაძლებლობებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ტურისტების ზრდის ტენდენციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წლის 10 თვის მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც უკვე აღემატება 2016 წლის მთლიან მაჩვენებელს, ტურისტების რიცხვი წელს 7 მილიონს უახლოვდება. პრემიერის შეფასებით, ეს ქმნის ბევრ კარგ შესაძლებლობას სასტუმრო სექტორისთვის.
“საქართველოს მდებარეობისა და ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების გათვალისწინებით, არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობები ლოგისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის, ენერგეტიკის სექტორისა და სოფლის მეურნეობის კუთხითაც, რასაც საფუძვლად უდევს ტურისტების მზარდი რაოდენობა. წელს დაფიქსირდება ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 20%-იანი ზრდა, ხოლო იმ ვიზიტორთა რიცხვი, ვინც ქვეყანაში ჩერდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, 30-ზე მეტი პროცენტით იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმრო სექტორისთვის. საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქის კუთხით, ხოლო ადმინისტრირება არის ერთ-ერთი საუკეთესო და ბიზნესისთვის ხელსაყრელი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოშიც”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა “საქართველოს ბანკის” ინვესტორთა დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ ინვესტორებს ასევე დეტალურად გააცნო მთავრობის რეფორმების
ოთხპუნქტიანი გეგმა და საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.
საქართველო არის სტაბილური დემოკრატია
10/11/2017