საქართველოში DCFTA-ის 5 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

28/11/2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით GIZ-ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემინიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო. „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო დროის ყველაზე დიდი მიღწევაა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ამ შეთანმებით ნაკისრი ვალდებულებები. დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი რეგიონებში დამატებით ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებას ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების შესახებ, ადგილობრივ მეწარმეებს კი შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრულია თანამშრომლობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და სასწავლო სერვისების განვითარების კუთხით სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით DCFTA-ის 5 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება – თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ზუგდიდში. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით მოხდება მოქალაქეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის DCFTA-სთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, ცნობიერების ამაღლება და მათი მოსაზრებების შეგროვება. კერძო სექტორის საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება კონკრეტული ტრენინგ-პროგრამების შემუშავება. პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას ახორციელებს GIZ-ის პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ინიციატივის EU4Business (მცირე და საშუალო მეწარმეობისა და კერძო სექტორის ხელშეწყობა) ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. EU4Business-ის მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესსექტორში ცოდნისა და უნარების განვითარებისა და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით მცირე და საშუალო მეწარმეებს დაეხმაროს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მეორანდუმს ხელი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და SME DSFTA GE-პროექტის ხელმძღვანელმა ფილიპ შტენმეინმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0