საქართველოში შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტმა ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მასზე მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა. დოკუმენტის ძირითადი მიზანია, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოქალაქეების 60 პროცენტი აიცრას.
„მოგეხსენებათ, მთავრობის წინა სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმაზე მუშაობის დასრულებისა და მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. 15 დეკემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ – ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.
„ძირითად მიზანთან ერთად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის, ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა აიცრან. პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდეგ უკვე 65-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველო ტექნიკურად მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად.
„ამ გეგმის შემუშავებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. საქართველო, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, გაწევრიანებულია COVAX-ის პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში. საქართველომ 5-6 თვის წინ უკვე განაცხადა ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში მოწოდებული იყოს მილიონ-ნახევარი ვაქცინა. ჩვენ შესაბამისი ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ. ახლა მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სისტემა მზად იყოს ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთი წლის განმავლობაში. დღეს საქართველო ტექნიკურად მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში, საქართველოს შეუძლია, ვაქცინა მიიღოს, როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით. ეს გეგმა სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ჩვენ ფაქტობრივად მზად ვართ, უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია დავიწყოთ. გარდა ამისა, მთავრობა განაგრძობს ორმხრივ მოლაპარაკებებს მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს არის პრინციპული პოზიცია, როგორც ჩვენი, ასევე ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაური სხდომაზე ასევე გამოეხმაურა საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღეს გამოაცხადებს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან საერთაშორისო სასამართლო პირველად მისცემს შეფასებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს.
„ეს გადაწყვეტილება არის და იქნება შედეგი 12-წლიანი შრომისა, ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. გარდა იმისა, რომ ეს ახდენს კომპენსაციას ჩვენი დაზარალებული მოქალაქეებისთვის და იქმნება საფუძველი ამისთვის, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იქნება საფუძველი, საერთაშორისო დონეზე მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის. ეს არის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის პირველი შეფასება. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით უწყებათაშორისი კოორდინირებული მუშაობის კუთხით უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და ამ ნაწილში, გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და ჩვენს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს არის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე. დღეს, საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად მიეცემა შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ, უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები დაიწყოს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პირველ ვიცე-პრემიერად წარადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელიც ეკონომიკური მიმართულების კურატორი იქნება. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, ისე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
„დღეს ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა, პირველ რიგში, ესაა გლობალური პანდემია, გლობალური ეკონომიკური კრიზისი. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში გამოყოფილი იყო აშკარა პრიორიტეტები – ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ევროპული ინტეგრაცია. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება აქ გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება და მათი ეფექტურობა უახლოესი წლების განმავლობაში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმისთვის, რომ გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და რაც მთავარია დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე, ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით და წარმოგიდგენთ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, კურატორს ეკონომიკური საკითხების მიმართულებით – ქალბატონ მაია ცქიტიშვილს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იქნება. გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით საერთაშორისო ურთიერთობებს სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, ჩვენ მზად ვიყოთ გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ქვეყნის ნატოში შემდგომი ინტეგრაცია – რა თქმა უნდა პასუხი ოკუპაციაზე და რა თქმა უნდა პასუხი იმ მოვლენებზე, რომელიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება – საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა დღეს ამ კრიზისის პერიოდში, ამ გამოწვევების პერიოდში, იყო საქართველოს მთავრობის წევრი, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ვიცე-პრემიერი. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევებზე პასუხს და თქვენი მუშაობა იქნება წარმატებული,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.