„საქართველოს მთავრობის სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს“, – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც ამ პერიოდში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა +75.9 %-ს შეადგენს. ამასთან, 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ია.
„დღეს საქართველოს ბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 60-მდე პირდაპირი მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ, ფაქტობრივად, ყოველთვიურად გავზარდოთ გამტარუნარიანობა და პირდაპირი კავშირი ჩვენთვის სტრატეგიულ, სამიზნე – ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა ქვეყანაში კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს“ – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მონაცემები 100 პროცენტით აღდგა და პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.
რაც შეეხება 2023 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებს, საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.