საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა

11/03/2021

„საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.“ – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა შემოვა, რომელიც მედპერსონალზე გადანაწილდება. ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში დაიწყება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. იუნისეფის ჩართულობით მიღწეულ იქნა მოლაპარაკება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაჩქარებულად 43 200 დოზის მოწოდებაზე. ვაქცინა იმ არსებული პროტოკოლით გადანაწილდება, რომელიც შემუშავებულია ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის მიერ“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა მომწოდებელთან.

„გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა მომწოდებელთან, ეს არის როგორც „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელი – ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს „მოდერნასთან“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. ასევე ვმუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან ორი მიმართულებით – ერთი არის „ფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა.“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესში ასევე ჩართულია გერმანიის მთვარობაც.

„ინტენსიურადაა ჩართული გერმანიის მთავრობაც, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით. მოწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით.“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „იუნისეფს“, რომელიც საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდების პროცესში ინტენსიურად არის ჩართული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0