რადისონ ბლუ ივერიაში ევროკავშირის მიერ დასაქმებისა და პროფესიული განათლების და გადამზადების სექტორებში დაფინანსებული პროექტების შედეგების პრეზენტაციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე სიტყვით გამოვიდა.
ზაზა სოფრომაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და საქართველოში დასაქმებისა და განათლების სფეროში მომუშავე სახელმწიფო თუ არასამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლებს ერთობლივი ძალისხმევისთვის, მოკლე პერიოდში სისტემის რეფორმირების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და მიღწეული შედეგებისთვის.
საქართველოში დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროს განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროკავშირს. ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და ევროკავშირს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია ევროკავშირის „თვინინგის“ პროექტი – „საქართველოში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესაძლებლობების განვითარება“. პროექტის მიზანი იყო ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარება, რომელიც 18 თვე გაგრძელდა.
პროექტის ფარგლებში მომზადდა სააგენტოში დასაქმების მიმართულებით მომუშავე სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ინსტიტუციური რეფორმის გეგმა და დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდების ახალი მოდელი, რომელმაც მომსახურება უფრო მიზნობრივი და ეფექტიანი გახადა. შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების ახალი მოდელის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები, მომზადდა ტრენინგის 5 მოდული დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებაზე მომუშავე თანამშრომლებისათვის. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიით სოციალური მომსახურების სააგენტოს 15 ტერიტორიული ერთეული ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს. სააგენტო უახლოეს პერიოდში გეგმავს მომსახურების ახალი მოდელის გავრცელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ევროკავშირის მხარდაჭერით შედგა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს შორის წარმატებული თანამშრომლობაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების საპილოტე პროგრამის ფარგლებში.
ღონისძიებაზე დასაქმებისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხი საგრანტო პროექტის შედეგი შეჯამდა.
საქართველოში დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროს განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროკავშირს.
15/03/2018