საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია

18/02/2017

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა იყოს ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი; ქვეყანა, რომელიც აშენებს სტაბილურ მომავალს, ყველა გამოწვევის მიუხედავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა დისკუსიაზე, სახელწოდებით – „ევრაზიის გამყოფი ხაზები“, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის (Munich Security Conference) ფარგლებში გაიმართა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია.
“ხელყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთი მძიმე ფონის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვცდილობთ, უპირველეს ყოვლისა, თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზნებს და კონსტრუქციული გზით შევამზადოთ საფუძველი გრძელვადიან ჭრილში ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად. არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველომ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება. სულ უფრო აქტიური ხდება ჩვენი ინტეგრაცია ნატოს სტრუქტურებში. ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ქვეყანა ვართ. ასევე, ვმონაწილეობთ ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო ოპერაციებში ევროკავშირის ეგიდით. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუერთდებით ევროპულ წესრიგს. ეს არ არის ხმამაღალი განცხადება, რადგან საქართველო აშენებს ქვეყანას, რომლის სისტემები ზედმიწევნით პასუხობს ევროპულ სტანდარტებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას რეგიონულ თანამშრომლობაზე, როგორც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმზე ისაუბრა.
პრემიერმა მაგალითად დაასახელა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს, ასევე, ხაზი გაუსვა ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის ინიციატივა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ქმნის.
“საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა ევროკავშირისა და ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ფლანგზე. ისტორიულად ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყველა თავის მეზობელთან, ასევე ევროკავშირთან. გარდა ამისა, სულ ახლახან ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ასე რომ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც შეადგენს 3,8 მილიონს და რომელსაც აქვს ღია და თავისუფალი ეკონომიკა. სულ რამდენიმე დღის წინ Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა რეიტინგები, რომელთა თანახმად, საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით. მსოფლიო ბანკის თანახმად კი, ჩვენ ვართ მე-16 ადგილზე ბიზნესის წარმოების სიმარტივით. ასევე მტკიცეა საქართველოს პოზიციები დემოკრატიის ხარისხის რეიტინგებშიც. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ასოცირების ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ამავდროულად, შიდა რეფორმების დღის წესრიგსაც განსაზღვრავს, რომელიც საკმაოდ ამომწურავია.
პრემიერის თქმით, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი გახდა განათლება, რომელმაც უნდა შეავსოს სიცარიელე მოთხოვნასა და განათლების სისტემის მხრიდან მიწოდებას შორის.
“ასევე, პრიორიტეტულია პროფესიული განათლება ე.წ დუალური განათლების გერმანულ-შვეიცარიული მოდელის შესაბამისად. მმართველობის რეფორმა ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს. ამ მხრივ ჩვენ ვსარგებლობთ ესტონეთის გამოცდილებით ელექტრონული მმართველობის სფეროში, ასევე საგულისხმოა ერთიანი ფრონტოფისისა და ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი სისტემის უზრუნველყოფა. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ჩვენ გავაუქმეთ მოგების გადასახადი და ამიერიდან მხოლოდ დივიდენდები დაიბეგრება. ჩვენ ვახორციელებთ მასობრივ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში. გვაქვს მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები, რადგან ჩვენი ქვეყანა მდებარეობს გზაჯვარედინზე ევროპასა და აზიას, ასევე რუსეთსა და შუა აღმოსავლეთს შორის. ასე რომ, რეგიონალური თანამშრომლობა დღესაც წარმოადგენს რეგიონში სტაბილურობის ქვაკუთხედს. არსებული გამოწვევების ფონზე ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული ყველა რესურსი შიდა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რათა ამან ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნების გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივის გაჩენას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დისკუსიისას, გიორგი კვირიკაშვილმა ნატოსა და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა, რომლის შედეგად საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. მისი თქმით, შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამ პროცესში ჩართულნი არიან ეუთო, ევროკავშირი, გაერო, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე წელია, ძალიან მცირე, თითქმის ვერავითარი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა.
“არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ კონტინენტის მასშტაბით სტაბილურობის შესანარჩუნებლად ტერიტორიული ხელშეუხებლობაა უმთავრესი და რომ ქვეყნების საზღვრების გადასინჯვა ძალიან სახიფათო წამოწყებაა. ჩვენ მივიღეთ მდგომარეობა, როცა ჩვენს ტერიტორიაზე აღმართული გვაქვს ღობეები, თითქმის ყოველდღე აკავებენ ეთნიკურ ქართველებს ე.წ. “საზღვრის” შემთხვევით გადაკვეთის გამო, ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას ერთმევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. მიუხედავად ჩვენი ღრმად კონსტრუქციული და თანმიმდევრული მიდგომისა და ნაბიჯებისა, განსაკუთრებით, 2012 წლის შემდეგ, რამაც ეკონომიკის დარგში გარკვეული შედეგები მოგვიტანა, არავითარი პროგრესი არ შეინიშნება პოლიტიკის მიმართულებით. მოქმედებს ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან; აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი და სამხედრო სისტემები ერთიანდება შესაბამის რუსულ ადმინისტრაციულ სივრცეში. ეს პროცესი გრძელდება. რამ შეიძლება უშველოს ამ მდგომარეობას? სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არ მაქვს. ერთადერთი თეორიული პასუხი, რომელიც შეიძლება გაგცეთ, არის – ცივილიზებული ერების ერთობლიობა მსგავსი საფრთხეების წინააღმდეგ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატოს წევრობა არ არის სახელმწიფოს თვითმიზანი, თუმცა ეს არის გარკვეული ღირებულებებისა და პრინციპების მქონე ქვეყნების ოჯახი, რომელსაც საქართველო, თავისი აზრით, მიეკუთვნება.
“ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება არ გახლავთ – ის ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალურ საჭიროებებს, საქართველოს შიდა რეფორმების დნმ-ს განსაზღვრავს. ჩვენ გვჯერა, რომ მივეკუთვნებით ნატოსა და ევროპულ ოჯახს. ჩვენ ძალიან თანმიმდევრულნი, მიზანმიმართულნი ვართ – ამავდროულად არ გვაკლია მოთმინების უნარი. გვჯერა, რომ ერთ დღეს, საქართველოს მიეცემა შესაბამისი შესაძლებლობა. ამ გზაზე ჩვენ თანმიმდევრულობასა და თავდადებას ვინარჩუნებთ და ამავდროულად, ზედმიწევნით კონსტრუქციულნი ვრჩებით. ჩვენი გზავნილი შემდეგია – ნებისმიერი ორგანიზაციის წევრობა ემსახურება არა ვინმეს წინააღმდეგ ჩვენს მტრულ განზრახვას, არამედ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ჩვენ სუვერენიტეტის რეალიზება გვსურს – ეს კი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, მიეკუთვნებოდეს რომელიმე კავშირს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
დისკუსიაში – „ევრაზიის გამყოფი ხაზები“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0