საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის პრეზენტაცია გაიმართა

18/07/2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროექტის „Global Forest Watch“ თანამშრომლობით საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი მომზადდა. ახალი ონლაინ პლატფორმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელდა. ატლასის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი საშუალებას იძლევა თანამედროვე მეთოდით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გარემოსდაცვითი ინფორმაცია.
„ატლასში გაერთიანებული საინფორმაციო მასალა და მონაცემები მუდმივად განახლდება. შესაბამისად, ატლასი ტყისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის და ანალიზის საშუალებას მოგვცემს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დინამიკაში დააკვირდეს საქართველოში ტყის მდგომარეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს ახალი სტრატეგიული მიდგომა ტყის დაცვისა და მართვის მიმართულებით. შემუშავდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც პარლამენტში განხილვის ეტაპზეა. შემოდგომაზე ქვეყანას ექნება ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტყის რესურსის დაცვასა და მდგრად მართვას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი წარმოადგენს ონლაინ მონიტორინგის პლატფორმას, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს აწვდის უნიკალურ ინფორმაციას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის მართვის, ტყის საფარის, ტყის ხანძრების, ხე-ტყის და წიაღის მოპოვების ლიცენზიების, გეოლოგიური რისკების, მეწყერების, დაცული ტერიტორიების, ტურისტული ბილიკებისა და სხვა მიმართულებების შესახებ.
ონლაინ პლატფორმა მოიცავს, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებულ, დამუშავებულ მონაცემებს და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს.
ატლასის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (https://www.wri.org/) მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0