საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს ემინ ამრულაევს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება. გივი მიქანაძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საპარლამენტო დიპლომატის განვითარების მიზნით მინისტრს ერთობლივი პლატფორმის შექმნის ინიციატივა გააცნო, რომლის ფარგლებშიც, აზერბაიჯანისა და საქართველოს დარგობრივი კომიტეტები განათლების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობას განიხილავენ. აზერბაიჯანული მხარე მიესალმა აღნიშნულ ინიციატივას და აღნიშნა, რომ ერთობლივი პლატფორმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კარგი შესაძლებლობა იქნება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები: გიორგი სოსიაშვილი და როსტომ ჩხეიძე.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს შეხვდა
13/03/2024