გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩილელ კოლეგასთან, ჰერალდო მუნოს ვალენსუელასთან.
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩილეს შორის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩილესთან ურთიერთობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკაში არსებული მსგავსი ლიბერალური სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკა მეტ შესაძლებლობას იძლევა აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობის განვითარებისთვის.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონალური ეკონომიკური ჰაბის როლზე. ამ მხრივ მან მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას და საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას.
მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. გამოიხატა დაინტერესება საქართველოში ჩილეს ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის განხორციელების შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჩილეს, როგორც მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორ ქვეყანას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, დიდი შესაძლებლობები აქვთ მეღვინეობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მიხელ ჯანელიძემ ჰერალდო მუნოს ვალენსუელა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩილელ კოლეგას შეხვდა
22/04/2016