საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 30-ე სპეციალურ სესიაზე, რომელიც მსოფლიოში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების საკითხს ეხება.
სპეციალური სესია 2016 წლის 19 აპრილს გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, მოგენს ლიკეტოფტმა მიმართა. საკუთარ გამოსვლაში გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოში ნარკოდამოკიდებულების მზარდ პრობლემაზე და აღნიშნა ამ პრობლემის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ბრძოლის მნიშვნელობა.
სპეციალური სესიის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
სპეციალური სესიის მონაწილეებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი 20 აპრილს მიმართავს. მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ნარკოტიკების წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკასა და დღეს არსებულ შედეგებზე.
გაეროს ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 21 აპრილს ასევე მონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების საკითხებზე გაეროს მაღალი დონის დებატებში.
ქ.ნიუ-იორკში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე გაეროს წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.