ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა 2019 წლის 19-22 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ თხოვნით მიმართა ბიუროს, რომ კანონპროექტის განხილვა წარიმართოს იმ მაქსიმალურ ვადებზე უფრო მოკლე დროში, ვიდრე ეს პარლამენტის რეგლამენტითაა გათვალისწინებული. „საკითხი იმიტომ დადგა ამ ფორმით, რომ საჭიროა მოკლე დროში პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, იმსჯელოს სხვა აუცილებელ ცვლილებებზე, რომელმაც უნდა დაარეგულიროს უვადოდ მოსამართლეების გამწესების საკითხი. კანონმდებლობაში არის ეს ხარვეზი, არის კანონის არასწორი გამოყენების პრაქტიკაც. ამიტომ ეს არის პირველი ეტაპი და მას უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისთვის და კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. „თუ ამას დასჭირდება უფრო მოკლე ვადა და პოზიციებს შევაჯერებთ, შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის სტრუქტურული დიალოგის გასაუმჯობესებლად. „მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების წინაშე დასაქმების, განათლების, სამოქალაქო ჩართულობის დიდი გამოწვევა არსებობს. მთავრობის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სფეროების კოორდინირება მოგვცემს უფრო მეტ საშუალებას, რომ მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის სტრუქტურული დიალოგი გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
დღესვე ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. ერთ-ერთ საორგანიზაციო საკითხად განიხილეს საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ ინიციატივის წესით წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის გაწვევის შესახებ. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ კახიძის განცხადებით, მომზადებულია კანონპროექტი იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს არ ჰქონდეთ სრული მონოპოლია კანდიდატების ნომინირებაზე და პარლამენტში უფრო ფართო არჩევანი არსებობდეს.
„ევროპული საქართველო მზად არის კონსულტაციებისთვის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. თუ შესაბამისი ნება იქნება, დავხვეწოთ ფორმატი. ჩვენი ინიციატივაც შეგვიძლია განვიხილოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სანამ საპარლამენტო პროცესში გადმოინაცვლებს რეფორმის საკითხი. ხვალ გვექნება ამ პროექტის პრეზენტაცია. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ იქნება პოლიტიკური კონსენსუსი ამ თემაზე. არის საკითხი, რომელზეც პარტიული კუთვნილების მიუხედავად, რაღაც საერთო პოზიციაზე უნდა შევჯერდეთ და პარლამენტს გვქონდეს უფრო ფართო როლი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობაზე არ ვიყოთ დამოკიდებული მთლიანად და საშუალება გვქონდეს რეალური მიმართულება მივცეთ სასამართლო რეფორმას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კვირის ბოლომდე შედგება კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ამის შემდეგ გაგრძელდება სამუშაო ფორმატის განხილვა და, რა თქმა უნდა, ყველანი ვიქნებით ამ კონსულტაციებში ჩართული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოხსენებას პარლამენტი, 19- 22 თებერვლის სასესიო კვირაში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენს.