საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

01/12/2021

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა. თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ცუდი ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლი, დაბალი ტემპერატურა, ცუდი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ66-კმ106 (ბისო-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0