საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

11/09/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა, რომელიც თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
პრემიერმა ლინას ლინკევიჩიუსს ვიზიტისა და თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად აფასებს.
ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების პროცესზე.
საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება იყო რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0