ნინო ბურჯანაძის განცხადებით, “საქართველოს პრეზიდენტმა ვერ გაბედა თავის თავზე ელემეტარული პასუხისმგებლობის აღება”. პოლიტიკური გაერთიანება ”საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
“მინდა გამოვხატო ჩემი უკიდურესი აღშფოთება და პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა როგორც სამწუხაროდ მოსალოდნელი იყო, ვერ გაბედა თავის თავზე ელემეტარული პასუხისმგებლობის აღება, რომ ვეტო დაედო უსამართლო კანონისათვის და არამარტო უსამართლო კანონისათვის, არამედ იმ კანონისათვის, რომელიც პირდაპირი გაყალბებით და პროცედურების დარღვევით იქნა მიღებული. საქმე ეხება კანონმდებლობაში იმ საარჩევნო ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ჩვენ უფასო სარეკლამო დროის პრაქტიკულად 2/3 წაგვერთვა. ეს არის ყაჩაღური კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ “რესპუბლიკელების”, ალასანიას პარტიის და რამდენიმე სხვა პარტიის სასარგებლოდ მიიღო“-განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ”საქართველოს პრეზიდენტს არ ეყო იმდენი ვაჟკაცობა, რომ დაეცვა პრორუსული პარტიების სრულიად სამართლიანი მოთხოვნა, შეეშინდა, მისი დასავლელი პარტნიორები, ამერიკელი პარნიორები არ გაენაწყენებინა”.
”სამწუხარო რეალობაა დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. სამართალი არის კვლავ უსამართლო, ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, მაგრამ ამისდა მიუხედავად, რაც არ უნდა გააკეთოს ”ქართულმა ოცნებამ“, პრეზიდენტმა, მათ უკან მდგომმა ძალებმა, ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს მოსახლეობის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. თუნდაც იმ შესაძლებლობებით, რასაც მიზერულად გვიტოვებს ”ქართული ოცნება“ და გვართმევს იმას, რასაც ხალხის არჩევანის შედეგად ვიღებდით. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ მოსახლეობის ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას და სოლიდურად ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში“, – აცხადბეს ბურჯანაძე.
მისი თქმით, ”ვახტანგ ხმალაძის მიერ კანონის გაყალბებით მიღებულ კანონს” ”დემოკრატიული მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში გააპროტესტებს”. ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ”არაპოპულარული“ გადაწყვეტილების მიღებას არ შეუშინდება.
”ჩვენ ველოდებოდით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოაწერდა ხელს თუ არა. დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია, თუმცა ჯერ-ჯერობით, როგორც ჩანს, გამოქვეყნებას თავი ვერ მოაბეს. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის დიდი იმედი ნამდვილად არ გვქონდა, ჩვენ სარჩელი მზად გვაქვს და ყველაზე გვიან, ორშაბათს, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. ვფიქრობ, რომ სარჩელს ”ლეიბორისტული პარტია“ და ”პატრიოტთა ალიანსი“ ალბათ შემოუერთდება” -განაცხადა ბურჯანაძემ.