საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

30/03/2017

გიორგი მარგველაშვილი ლიტვას ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემდგენლობაშიც პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები თამაზ გათიკაევი, ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი იმყოფებიან, რომლებმაც ერთერთმა პირველებმა გადალახეს ევროკავშირის საზღვარი ვიზის გარეშე.
„ევროკავშირის ქვეყანაში ჩამოვედით აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნიდან საქართველოს სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და გვიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან ამ მიმართულებით ღრმავდება.
მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი, ყველა იმ შესაძლებლობას განავითარებს, რომელიც გვაქვს ევროპასთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და მისცემს ძალიან საინტერესო შესაძლებლობას როგორც ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროპელებსაც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვაში სასაზღვრო კონტროლის გავლისას.
ესმა კოკოსკერიას განცხადებით კი, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ახალგაზრდებისათვის, რომლებმაც აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ოპოზიციონერი დეპუტატები – ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმარება.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0