საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა და ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

12/09/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.
საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას მხარეებმა საფრანგეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საფრანგეთი და საქართველო ის პარტნიორები არიან, რომლებიც წლიდან წლამდე ავითარებენ და აძლიერებენ ორმხრივ თანამშრომლობას.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისუნარიანობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ასევე, ნატო-ს ფორმატში და აღნიშნა, რომ საქართველო საფრანგეთისათვის საიმედო პარტნიორს წარმოადგენს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობისათვის.
საუბარი შეეხო ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსთან თანამშრომლობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის წვლილი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და თავდაცვის სფეროში გაწეულ დახმარებაში.

„საფრანგეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ძლიერი პარტნიორია.
ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საფრანგეთის დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.
მინდა გამოვყო საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის წვლილი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისათვის.
სწორედ მისი უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
ბატონო მინისტრო, ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ძალისხმევისა და დაუღალავი შრომისათვის საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში თქვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი და ღირსეული წვლილისათვის“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟან ივ ლე დრიანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდო საქართველო-საფრანგეთის მეგობრული კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს.

„ეს გამორჩეული პატივი ასახავს იმ ურთიერთობის მნიშვნელობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის თვდაცვის მიმართულებით ხორციელდება ჩვენი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
ეს ურთიერთობა არასდროს შეწყდება და უკვე ათი წელია ვითარდება. ბატონო პრეზიდენტო, მე ამ ჯილდოს ვუყურებ როგორც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირების მყარ სიმბოლოს.
ვიცი, რომ ეს ჯილდო მიენიჭება უცხოელ მოქალქეს, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში და მისი უსაფრთხოების დაცვა. თქვენ ხედავთ, თუ როგორი ამაღელვებელია ეს ჩემთვის.
საფრანგეთი საქართველოსთან მომავალ თანამშრომლობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, – აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

თავის მხრივ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მეორე დონის უმაღლეს სამხედრო განათლებაში მიღებული ბრწყინვალე შედეგებისთვის, „სამთო“ სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობისათვის ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.
ასევე, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი თანამებრძოლების გვერდიგვერდ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის კი, ჟან-ივ ლე დრიანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით მაიორი ვახტანგ დიასამიძე, კაპიტანი ლევან კახიძე, კაპიტანი ელდარ მამრიკიშვილი დააჯილდოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0