საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის პარლამენტის სენატისა და მაჟილისის თავმჯდომარეებს შეხვდა

13/06/2017

ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს ნურლან ნიგმატულინს და ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარეს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტები საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის დადებით გავლენას მოახდენს ურთიერთობების დინამიკაში. აუცილებელია, გაძლიერდეს თანამშრომლობა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის საპარლამენტო წარმომადგენლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.
აღნიშნა, რომ საქართველოს როლს რეგიონში კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთის პარლამენტის წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ რუსეთი პროვოკაციული ნაბიჯებით ცდილობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსია მოახდინოს და რეგიონში შექმნას დესტაბილიზიაცია.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს მხარდაჭერა აღნიშნულ საკითხებში და რუსეთის ფედერაციის უკანონო და საერთაშორისო ნორმების დამრღვევი ქმედებების დაგმობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთამინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0