საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებას ითხოვს

05/07/2017

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმის ლეგიტიმაციისათვის საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებას ითხოვს – აღნიშნული გზავნილით მივიდა დღეს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს, არასამთავრობო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატების შეკრებაზე, რომელიც „2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას“ შეეხებოდა.
პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ ძალას, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის ლეგიტიმაციისათვის საჭიროა, დიალოგის, კონსენსუსისა და თანხმობის სივრცის შექმნისაკენ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით ფორსირებულ რეჟიმში მიღებისა, საკონსტიტუციო პროცესის შეჩერება კონსენსუსის მისაღწევად დიალოგისათვის სივრცეს გააჩენს.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ მცდელობა კონსენსუსისაკენ გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულებების განსაზღვრისათვის.
„საერთაშორისო შეფასებების შემდგომ არავინ დაობს იმაზე, რომ დღეს მივიღეთ კონსენსუსისაგან დაცლილი, დაბალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი. ამიტომ უნდა გაჩერდეს ის, რაც აქამდე იყო და უნდა დაიწყოს დიალოგის ახალი ფორმატი, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარ მოთხოვნებს“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა, რომ საარჩევნო წელს არ იყო მიზანშეწონილი ,,საარჩევნო კოდექსისა“ და ,,თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში“ ცვლილებების მიღება, ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა და ერთობლიობაში, საკონსტიტუციო პროცესის პარალელურად აღნიშნული კანონმდებლობის ცვლილებები ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოს გააურესებს.
„არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რომ პროცესები წავიდეს ანტაგონიზმის, დაპირისპირების, პოლარიზაციის მიმართულებით და არა რეალური მრავალპარტიულობის დამკვიდრების კუთხით. თუ გვინდა, რომ დიალოგისაკენ გადაიდგას ნაბიჯები, დღეს ამოცანაა, რომ პროცესი გაჩერდეს. ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა ჯანსაღი დამოკიდებულება დილოგის რეჟიმის მიმართ, რომელიც მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა. მმართველ პარტიას კონსენსუსი ესმის, როგორც საკუთარ პოზიციაზე დათანხმება, რაც ასე არ არის – კონსენსუსი გულისხმობს დიალოგს და დიალოგის პროცესში შეთანხმებისაკენ ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0