ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, მივესალმები ჩვენს მეგობრებს და მივესალმები ჩვენს საამაყო და გმირ პოლიციელებს. პოლიციელის დღეს გილოცავთ ყველას, ჩემო ძვირფასო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! მე პროფესიულ დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს პოლიცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და, რაც მთავარია, მაღალპროფესიული.
„მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით. მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების, თანამედროვე და, რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია. ეს, რა თქმა უნდა, არის ბოლო წლების მასშტაბური რეფორმების შედეგი, ეს არის ჩვენი მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურისა და მისი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული თქვენგანის დაუღალავი, ერთგული მუშაობის შედეგი. თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ, თქვენთან ერთად, ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის,” – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ გმირ პოლიციელებს.
„სამწუხაროდ, არაერთმა თქვენმა გმირმა კოლეგამ და მეგობარმა ყველაზე ძვირფასი გაიღო, სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად. დღეს, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას. ძვირფასო პოლიციელებო, თქვენს ურთულეს საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მე მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თქვენს მშობლებს, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს, თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა პოლიციის შრომის ღირსეული დაფასება.
„ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ჩვენი ძალისხმევა. თქვენ იცით, როგორი ძვირფასია ჩემთვის ქართული პოლიცია, ეს სამინისტრო. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, მემსახურა თქვენთან ერთად ამ სამინისტროში. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს, კიდევ ერთხელ, მაქვს შესაძლებლობა, გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენდამი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას, პატივისცემას. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. გისურვებთ წარმატებებს, კეთილდღეობას და გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,” – განაცხადა პრემიერმა.
პოლიციელებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარადგინა.