საქართველოს პარლამენტში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

22/09/2017

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ინიციატივით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაესწრნენ. დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ და თამარ ჩუგოშვილმა მიმართეს, რომლებმაც დონორ ორგანიზაციებს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ პარლამენტის ხედვასა და მიმდინარე დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს. კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით პარლამენტის ხედვა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ნიკოლოზ სამხარაძემ წარმოადგინა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა დახვეწასა და გაუმჯობესებას გეგმავს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და პარტნიორობით. ხედვაში ასახულია პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კოორდინირებული მართვის მოდელი, ასევე, საუბარია დონორთა რესურსების უფრო ეფექტურ და ეფექტიან გამოყენებასა და კოორდინაციის მექანიზმის მეშვეობით, პარლამენტსა და დონორებს შორის ინფორმაციის რეგულარულ გაცვლაზე. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ახალი მიდგომა პარლამენტის საჭიროებებზე უფრო მეტად მორგებული და შედეგზე ორიენტირებული იქნება. დონორებთან კოორდინაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი განახორციელებს. დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პირველ მოადგილეს, ასევე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების, პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის შეთავაზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტში წელიწადში ორჯერ – სექტემბერსა და მარტში გაიმართება. ამასთან, საპარლამენტო კომიტეტებსა და აპარატის ადმინისტრაციულ ერთეულებთან სამუშაო შეხვედრები რეგულარულ სახეს მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0