საქართველოს პარლამენტში უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

14/03/2022

„რუსეთის აგრესია ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება. უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცით და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ – ურყევია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა დაიწყო.

„ჰუმანიტარული ვითარება მძიმეა. 2.5 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე მოუწია საკუთარი სახლ-კარის და სამშობლოს დატოვება, თუმცა, ყველაზე სულისშემძვრელი ის ადამიანური მსხვერპლი და ტრაგედიებია, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. დღეს აქ არ იმყოფება უკრაინის ელჩი, რომელიც გაწვეულია. თუმცა, ჩვენ მოვიწვიეთ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და მე მინდა, პარლამენტის სახელით, გადავცე მას ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების დაწყებამდე, პარლამენტის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0