საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

20/09/2019

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო. კოდექსი სრულად 2020 წლის 1 ივნისს ამოქმედდება. მანამდე კი სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს ვალდებულება ეკისრება, შეიმუშავოს მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები, პროექტები და ტექნიკური სტანდარტები. გარდა ამისა, კოდექსის სრულად ამოქმედებამდე, საქართველოს პარლამენტი ვალდებულებას იღებს, 2019 წლის 1 ნოემბრამდე შეიმუშავოს და დაამტკიცოს კოდექსის ინპლემენტაციის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმაში დაზუსტდება რეგულაციების შემუშავების თარიღები და სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების პასუხისმგებლობები. გეგმის აღსრულებას ზედამხედველობას კი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაუწევს. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის ფარგლებში, ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბევრი ახალი პროექტი უნდა შემუშავდეს, უკვე ცნობილია რამდენიმე სიახლე, რომელიც კანონშია ასახული. ბავშვები 18 წლამდე უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ, გარდა ამისა, კოდექსის მიხედვით, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული ხდება ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ ბავშვთა დაცვის სფეროში სპეციალიზებული საჯარო მოხელეები.
კოდექსის მიხედვით, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება მოხდება უკიდურეს შემთხვევაში და მის აუცილებლობას მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს. ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახი უზრულველყოს მათზე მორგებული ფინანსური დახმარებით, გარდა ამისა, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი შეისწავლიან მშობლების ფსიქიკურ და სოციალურ მდომარეობას და დაეხმარებიან მათ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვაში, რაც მომავალში მშობლებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ და თავად არჩინონ საკუთარი ოჯახი.
სახელმწიფო ასევე იზრუნებს ალტერნატიული ზრუნვიდან გამოსულ პირებზე, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ასევე შეიქმნება ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შორის ჩაგვრის (ე.წ. ბულინგის) პრევენციისა და რეაგირების სისტემა – ცხელი ხაზი და კოორდინატორი.
კოდექსზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველი, სასამართლო და დამოუკიდებელი ექსპერტები.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ კოდექსით დავიცავთ ჩვენს ბავშვებს, გავაძლიერებთ ოჯახებს და მივცემთ ბავშვებს უკეთეს განათლებას. ეს კოდექსი გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ბავშვს გამოიყვანს სიღარიბიდან და ძალადობის ჭაობიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად, ჩვენს ბავშვებს მივცემთ ნათელ და კარგ მომავალს“, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ასევე:

მეორე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებიდან გამომდინარე ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებასთან. ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ტერმინების: „მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში“, „ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარე“, „ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირი“ და „ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტი“ განმარტებას. ორგანული კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება მეკავშირე პროკურორთან და მის დამხმარესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
მესამე მოსმენით, 84 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ტერმინების – “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი/საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი“ და “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი/გამომძიებელი“- შემოღებას. კანონის პროექტი ასევე აწესრიგებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემის დანერგვასთან, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების მოადგილის ფუნქციებთან და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიერ გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
მეორე მოსმენით, 78 ხმით, მიღებული იქნა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. პროექტის შესაბამისად, კოდექსის 8705 სასაქონლო პოზიციაში მითითებული მსუბუქი ავტომობილის, რომელიც „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით არის სპორტული დანიშნულების, აქციზის გადასახადი განისაზღვრება 100 ლარით.
პირველი მოსმენით, 75 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტი ითვალისწინებს ტერმინების: „თამბაქოს ახალი ნაწარმი“, „სიგარეტი“, „ელექტრონული სიგარეტი“ განმარტებებს. კანონის პროექტით რეგულირდება საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის მოცულობასთან, თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლების ან/და იმპორტიორების ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები.
78 ხმით მიიღო საქართველოს პარლამენტი დადგენილების პროექტი „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე.
მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0