საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და „სამთავრობო პროგრამას 2019 – 2020“ მხარი 98 ხმით დაუჭირა. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ბოლო ეტაპი გაიმართა. საპარლამენტო ტრიბუნა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დაიკავა.
„მე დღეს შევეცდები პრინციპულ, საკვანძო ფასეულობებზე და მთავრობის ძირითად განზომილებებზე ვისაუბრო. ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვიქნებით საქმეზე, შედეგებზე და ეფექტურობაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპები და ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა. მიზნის მისაღწევად, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, მთავრობამ, პარლამენტმა, ხელისუფლებამ მთლიანად და მათ შორის, ოპოზიციამ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებს სამთავრობო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები წარუდგინა.
მისი განცხადებით, ეფექტურობა გონივრულ ვადებში და კეთილსინდისიერება იქნება მთავრობის მუშაობის ძირითადი პრინციპი. გიორგი გახარიამ მთავრობის პრიორიტეტებზე საუბრისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კორუფციასთან ბრძოლა დაასახელა.
მან ასევე გაამახვილა ყურადღება სიმართლის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სიცრუით და მოდელირებული რეალობით მოქალაქეებზე ზემოქმედება არ უნდა ხდებოდეს.
მან ამ კონტექსტში ისაუბრა ოკუპაციის პრობლემაზე და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ოკუპაციაზე, ხელისუფლებას დებენ ბრალს ოკუპაციის შეფასებაში, რაც მისივე თქმით მიუღებელია და ამას ხელისუფლებამ სიმართლე უნდა დაუპირისპიროს. „სამართლიანობა, რომელსაც ჩვენ სიმართლის სახით მივიტანთ თითოეულ მოქალაქემდე არის ის ძირითადი კომპონენტი, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ უფრო მომთხოვნები, როგორც ჩვენი ოპონენტების, ისე ჩვენი თანაგუნდელების მიმართ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ადამიანური კაპიტალის განვითარება, ქვეყნის განვითარების იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებად დაასახელა, რომელზეც მთავრობა 2019-2020 წლების განმავლობაში იქნება კონცენტრირებული.
უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად, გიორგი გახარიას განცხადებით რჩება ქვეყნის ოკუპაცია. „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, აქვე უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის, ქვეყნის განვითარების, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20 პროცენტია ოკუპირებული და ამაშია სწორედ ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება ოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, ომის გარდა გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს.
გიორგი გახარიამ ისაუბრა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი რჩება ქვეყნის ძირითად პრიორიტეტად და ამ მიმართულებით არსებობს მნიშვნელოვანი პროგრესი და ხელშესახები შედეგები.
საზოგადოების რადიკალიზაციის მაღალი დონე, გიორგი გახარიამ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. მისი თქმით, საპარლამენტო დემოკრატია რადიკალიზაციის ასეთ ხარისხთან არათავსებადია.
„ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალა პარლამენტზე შტურმს ეძახის გამოხატვის თავისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ხალხს, რომ შეჭრილიყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტში, პოლიტიკურ დონეზეც არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება. ამ ქვეყანაში ძალადობით პოლიტიკური შედეგების და პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილება აღარ უნდა მოხდეს არასოდეს. ამისთვის არსებობს პარლამენტი და არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ეკონომიკური მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას დასაქმების პრობლემის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის მთავრობისეულ ხედვებზე ისაუბრა.
ასევე გაამახვილა ყურადღება თავისუფალი და ეფექტური ბიზნესის არსებობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას თანაბარი და მისაღები პირობები ბიზნესის განვითარებისთვის, რათა ბიზნესმა, რომელიც გაძლიერდება და შექმნის სამუშაო ადგილებს, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა დასაქმებულების წინაშე.
მომხსენებელმა ისაუბრა ინფრასტრუქტურის, საგარეო ვაჭრობის, სახელმწიფო რესურსების უკეთესად ამოქმედების, ენერგოუსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის და საპენსიო რეფორმირების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე.
„სახელმწიფოს როლია და ძირითადი ფუნქცია, რომ ყველას შეუქმნას თანაბარი პირობა, იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი ხელისუფლების როლია, რომ შევქმნათ ყველა პირობა თითოეული სოციალური ჯგუფისთვის, რომ ერთად შევძლოთ პასუხისმგებლობის ტარება ჩვენი ხვალინდელი დღის, ჩვენი ბავშვების წინაშე, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინ და ხვალ უკეთესი ვიდრე არის დღეს“, – განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.
სხდომა, რეგლამენტის თანახმად, კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
პარლამენტის წევრების შეკითხვები მედიკამენტების ფასების რეგულაციის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს, განათლების რეფორმის გაგრძელების პერსპექტივებს, სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის გრძელვადიან ხედვებს, ახალგაზრდული და სოციალური პოლიტიკის მიმართულებებს, სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ხარვეზების აღმოფხვრას, სამინისტროების სტრუქტურული რეორგანიზაციის შესაძლებლობების საკითხს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დაგეგმილ პროექტებს, მთავრობასა და ბიზნესს შორის დამოკიდებულებას, ეროვნული ვალუტის მდგრადობის საკითხებს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა.
პარლამენტის წევრების შეკითხვებს გიორგი გახარიამ და მინისტრობის კანდიდატებმა ვრცელი და დეტალური პასუხები გასცეს.
რეგლამენტით დადგენილი წესის თანახმად, სხდომა კომიტეტების, ფრაქციების და ცალკეული დეპუტატების გამოსვლებს დათმო.
საპარლამენტო კომიტეტები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე: „ბატონი გიორგი გახარია და მისი კაბინეტი იქნება თანმიმდევრული და ეფექტიანი იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელიც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. პრემიერმინისტრობის კანდიდატს აქვს სისტემური ძლიერი ხედვა და მან ბევრი სისტემური რეფორმა განახორციელა მეტად საპასუხისმგებლო პოზიციების შესრულებისას. სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერ გიორგი გახარიას და მის კაბინეტს.“
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში: „ახალ სამთავრობო პროგრამაში, ერთ-ერთი ქვაკუთხედი მომავალი პრიორიტეტების კვლავ რჩება ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და განათლების რეფორმა. ჩვენი კომიტეტის სახელით, მინდა დაგიდასტუროთ მხარდაჭერა წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს როგორც განათლების, როგორც მასშტაბური რეფორმის, ასევე დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის გაგრძელების გარანტიები.“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია: „ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკოსები, რომელთაც თავის არსენალში აკრძალული მეთოდებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა აქვთ. მე მინდა, რომ ამ პერიოდში ან ეს ადამიანები პოლიტიკურად დაასრულოთ და ჩვენ გვერდში დაგიდგეთ ამ თემაში, ან ამ თემაზე საუბარი დასრულდეს სამუდამოდ, რომ მომავალი არჩევნების დროს, საზოგადოებას ეს აღარ ჰქონდეს განსახილველი. მეორე იმედი, რასაც მგონია, რომ თქვენ დაასრულებთ არის იმედი იმისა, რომ დასრულდება „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე საუბარი და საუბარი იმაზე, არის თუ არა ეროვნული ინტერესების გამტარებელი „ ქართული ოცნება.“
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი: „მინდა, ვუსურვო მინისტრობის ახალ კანდიდატებს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ბატონ ვახტანგ გომელაურს წარმატებები, ისევე, როგორც თითოეულ მათგანს, მთლიან შემადგენლობას განსაკუთრებულ პატივს ვცემ, არ გამომრჩება და ლევან იზორიას ვეტყვი განსაკუთრებულ მადლობას. მასთან ერთად მე ძალიან ბევრი ვიმუშავე თავდაცვის საკითხებზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლევან იზორიამ ძალიან მაგარი რეფორმები განახორციელა და მიხარია, რომ მას ვიხილავთ უშიშროების საბჭოში. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი ძალიან აქტუალური და პრობლემატურია. ვიცი, რომ ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა და დანარჩენი საქმეში ვაჩვენოთ ერთმანეთს.“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი: „ჩვენმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას. ჩვენი მხარდაჭერა განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა. პირველი ეს არის სამთავრობო პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ძირითად პრინციპზე: დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის დეოკუპაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. მეორე, ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ წარმოდგენილ მთავრობის წევრობის კანდიდატებს შესწევთ უნარი წარმატებით შეასრულონ სამთავრობო პროგრამით დასახული ამოცანები. მათ მიერ წარმოდგენილი ხედვები და მოტივაცია ჩვენთვის არის დამაჯერებელი, რომ ისინი შეძლებენ მათზე დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებას.“
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე: „მთავრობას აქვს რეალისტური ხედვა და ორიენტირებული იქნება საქმეზე. მათი ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობას, რის გარეშეც ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, სოციალური საკითხების მოგვარება წარმოუდგენელია. პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება შესაბამის სფეროში, ვიცნობთ თითოეულ მათგანს და მიმაჩნია, რომ არიან პროფესიონალები და წარმატებით გააგრძელებენ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებს.“
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი: „ის გზავნილები, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი გზავნილი ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო ადამიანი. გზავნილები, რომელიც ბატონმა გიორგიმ გააჟღერა, მაძლევს იმის საფუძველს, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ იმ დაგეგმილ პროცესებს, რომელიც უკვე განხორციელების გზაზეა, შეემატება გეგმები და ეფექტური განხორციელება, რასაც ელოდება ჩვენი მოსახლეობა.“
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია: „როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა იმ პროფილურ სამინისტროებს და მათ წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის, რასაც მოყვა შედეგები, განსაკუთრებით, ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ. ასევე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ დამოუკიდებლობის ისტორიაში ჩვენ პირველად გვქონდა შვიდწლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოში არ ისმოდა იარაღის ჟღარუნი, რამაც სტიმული მისცა ჯერ კიდევ სუსტ ქართულ ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს. ამ მშვიდობიან პროცესს ახორციელებენ და ქმნიან კონკრეტული ადამიანები. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მომავალში უზრუნველყოფილი იქნება. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება მთავრობა, რომელიც სქესის, ასაკის და შეხედულების მიუხედავად იქნება ყველას მთავრობა, რომლის დღის წესრიგშიც არის მხოლოდ ერთი რამ, წინწასული და განვითარებული საქართველო.“
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე: „ჩვენ 2016 წელს გავეცით რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონეზე მოახდენდა და მოახდენს ზეგავლენას, აი იმ ძირითადი დაპირების დასრულება შეგვიძლია ჩვენ ამ ერთ წელიწადში, იმ ძალიან მნიშვნელოვანი თემების, ჯანდაცვაში, სოციალური მიმართულებით. უზარმაზარი მიღწევა იყო საყოველთაო ჯანდაცვა თავის დროზე, ათასობით ოჯახი გადაარჩინა ფიზიკურ განადგურებას და ასიათასობით ოჯახი სიღარიბეს. კარგი ინიციატივები გაჟღერდა, მივადევნებთ თვალყურს, კომიტეტი თქვენთან ერთად იმუშავებს და საპარლამენტო ზედამხედველობასაც განვახორციელებთ, რომ ჩვენ ეს დაპირებები ერთად მივიყვანოთ ხალხის საკეთილდღეოდ.“
ცალკეული დეპუტატები
კარლო კოპალიანი: „მატყუარა და დამნაშავე ძალას სურდა 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო და ძალადობრივი გზით ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. მინისტრ გახარიას პასუხისმგებლობა მაშინ უნდა დამდგარიყო, თუ გამოიჩენდა სისუსტეს, დაუშვებდა არეულობას და ვერ დაიცავდა სახელმწიფო ინსტიტუტებს.“
ალექსანდრე ქანთარია: „დღევანდელი დღე უნდა გახდეს საეტაპო მნიშვნელობის დღე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამას გვკარნახობს შექმნილი რეალობა და სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი. გისურვებთ ვიაროთ სიმართლით და თუ ვივლით სიმართლით ჩვენ შედეგს დავდებთ.“
ეკა ბესელია: „შიდა უსაფრთხოება ნამდვილად გადის მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე. გარე უსაფრთხოებაც, ადამიანების თავისუფლება გადის ამ სისტემაზე, ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის სიძლიერე. და ეს რეფორმა თუ ჩავარდა და ეს არის ბოლო ცდა, როდესაც ეს სია შემოვა პარლამენტში, ჩათვალეთ, რომ ყველა რეფორმას დაეკარგება აზრი. იმიტომ, რომ ეს არის ის მთავრი ფუნდამენტი, რომელიც განსაზღვრავს ყველა ტიპის ღირებულებას, რეფორმას და მცდელობას.“
ლევან კობერიძე: „თქვენ საუბრობდით სისტემაზე და გინდოდათ ბიუროკრატიად წარმოგეჩინათ დამნაშავე მოსამართლები. ეს სისტემა იყო სწორედ ის, რაზეც ადამიანები იყვნენ აღშფოთებული და რის გამოც დაინგრა ის, რაც დასანგრევი იყო.“
ლევან გოგიჩაიშვილი: „თქვენ გადაუხვიეთ დემოკრატიის პრინციპებს და დღეს აძლევთ საშუალებას ერთმა ხელმა მართოს, სასამართლო, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება. ამას ჰქვია კონსტიტუციის პრინციპების დარღვევა.“
ბექა ნაცვლიშვილი: „დააკვირდით, შეიძლება თქვენს ეკონომიკურ პოლიტიკაშია არსებული სიღარიბისა და უმუშევრობის საფუძველი. რაღაც არის შესაცვლელი. მე გთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯებს.“
საპარლამენტო ფრაქციები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: „არცერთი თანამდებობა, არცერთი ხელისუფლება არ არის მუდმივი და ხელოვნური არ ვიქნები, თუ ვიტყოდი, რომ მთელი ჩვენი საქმიანობა მთავარ გამოწვევებზე მუშაობასთან ერთად, მათ შორის, უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ როცა დრო მოვა, შეგვცვალონ ჩვენზე უკეთესებმა და არა წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებულმა, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსებმა. ბატონო გიორგი, ვუერთდები თქვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სიცრუე არის არა გამოწვევა, არამედ პრობლემა, დეზინფორმაცია, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შეიძლება, პროგრესი ვერ ვაჩვენოთ, ვერ უზრუნველვყოთ, უფრო მეტიც, იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, არსებობს ამ ქვეყანაში ძალა, თავისი სხვადასხვა განშტოებებით, თავისი მედიასაშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მუდმივად სტრესის და დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ და ამ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ამყოფოს საზოგადოება. ოკუპაციასთან, სიღარიბესთან ერთად, რომელიც გამოწვევების ადეკვატურად არის შეფასებულია სამთავრობო პროგრამაში და გადაჭრის გზებზეც არის საუბარი, ჩვენ მხარს დავუჭერთ მთავრობის შემადგენლობას.“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკანორ მელია: „საქართველოს ისტორია გრძელდება. ამ ისტორიაში თქვენ თვითონ განსაზღვრეთ თქვენი პერსონების როგორობა და თქვენი ადგილი საქართველოს ისტორიაში არ არის ნათელ და სწორ ადგილას, თქვენი ადგილი არ არის მორალურად სწორ მხარეს. რა თქმა უნდა, თქვენი ადგილი ისტორიაში იქნება, მაგრამ იქნება სხვა ადგილას, რომლის თაობაზეც უკვე ვისაუბრე. მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამ სიტყვის წარმოთქმის აუცილებლობა არ მქონოდა, მაგრამ ეს არის ფაქტი. მხოლოდ ნათქვამ-ნამოქმედარის ჭეშმარიტი ფასის დადგენა მომავალს ძალუძს და მომავალი ამას დაადასტურებს.“
„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი კობა კობალაძე;
„მისასალმებელია, რომ აღნიშნულ დოკუმენტში, დეტალურად არის წარმოდგენილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ ხედვა. ჩვენი სამშობლო თითოეული ჩვენგანის დასაცავია, ამიტომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ამოცანაა. მივესალმებით სამთავრობო გეგმაში წარმოდგენილ ხედვას კონფლიქტის მოგვარების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მექანიზმების გამოყენების შესახებ, რაც ორიენტირებულია გონივრული თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებაზე და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მავთულხლართებით ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას. აღნიშნულ პროცესებში ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტისა მისასალმებელია 2019-2020 წლების სამთავრობო გეგმაში გაწერილი სხვა პრიორიტეტული მიმართულებებიც.“
„პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ადა მარშანია: „საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩვენ მივიღეთ ორი უდიდესი კატასტროფა. ჩვენ დროებით დავკარგეთ სოხუმი და ცხინვალი. და მეორე, კატასტროფა არის ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. არ არსებობს ქვეყანაში გეგმა, როგორ ვამთლიანებთ ქვეყანას, როგორ ვძლევთ უმუშევრობას და სიღარიბეს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს ეს მთავრობა დამტკიცდება, მაგრამ ჩვენ ამაში მონაწილეობას ცხადია ვერ და არ მივიღებთ. და ამის მიზეზი არის თქვენს მიერ განხორციელებული კოჰაბიტაციის დანაშაულებრივი პოლიტიკა.“
„ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე: „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გამოდიოდა აქ. ეს იყო მწვერვალი იმ იდეოლოგიისა და პიარ-მანქანისა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია წლების განმავლობაში. ანუ იმ სიყალბის მანქანისა, რომელიც ცდილობს საზოგადოებას თავზე მოახვიოს, ის, რომ თვითონ არიან დასავლური ორიენტაციის და ჩვენ თურმე გეზი ავიღეთ ჩრდილოეთისაკენ. ეს მაშინ, როდესაც საქართველო არასოდეს არ ყოფილა ისე ახლოს ნატოსთან, ევროკავშირთან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აშშ-სთან. მაშინ, როდესაც მათ ყველაფერი რუსეთს დაუთმეს. მთელი ეკონომიკა, ტერიტორიები და ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი იმას, რომ რუსეთი გაბატონებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. ბატონო გიორგი, მე უნდა გითხრათ, რომ ის, რაც მოხდა 20-21 ივნისს, იმ სიცრუის მანქანის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. საპარლამენტო რესპუბლიკაში, პარლამენტის შენობაზე, ნომერ პირველი სახელმწიფო უწყების აღებაზე იყო საუბარი და მადლობა თქვენ, რომ საქართველო გადაარჩინეთ დესტაბილიზაციას.“
„ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე: „ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან კარგად ახსენით ტოტალური სიცრუის მექანიზმი, რომლითაც სარგებლობს ნაციონალური მოძრაობა. აშკარაა, რომ მათ პასუხის მოსმენის შეეშინდათ და სიმართლის გაგონება არ უნდათ. მათი საქციელი ძველი წესის ერთგულებაა. მოსახლეობამ თავისი თვალით დაინახა, ისევ რომ მობრუნდეს ნაციონალური მოძრაობა, როგორ მოექცევა საზოგადოებას. საზოგადოებამ თვითონ უნდა გამოიტანოს დასკვნა.“
საპარლამენტო უმრავლესობა უმრავლესობის ლიდერიგიორგი ვოლსკი: „როდესაც ნაციონალები განაგებდნენ ქვეყანას, წაშლილი იყო ყველანაირი ზღვარი ადამიანის უფლებებსა და ხელისუფლების პოლიტიკას შორის, მაგრამ არ არსებობდა პოზიტიური დამოკიდებულებით კი არა, არ არსებობდა იმიტომ რომ საერთოდ იგნორირებული იყო სრულფასოვნად და მარტო ციფრებით მანიპულირებდნენ.
შეხვედრები სოფლად ძალიან კარგი წამოწყებაა და სწორია პარტიის ლიდერმა გადაწყვიტა და ძალიან სწრაფად და კარგად მხარი აუბა მთავრობამ პარლამენტარებთან ერთად. იყო გასვლები და აი ამ ფონზე ყალიბდება ჩვენი მიდგომები საკითხებთან დაკავშირებით და თუნდაც ბიუჯეტის საკითხთან დაკავშირებით რომლის დამტკიცებაც გველის.
ის მომავალი გეგმები, რაზეც ილაპარაკა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, სწორედ ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება, ამიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი და არა იმიტომ რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დახუჭული გვაქვს თვალი თუნდაც იმ გარკვეულ ნაკლოვანებებზე, რომელიც არსებობს. სწორედ იმიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი, რომ ამ ნაკლოვანებებზე არიან ორიენტირებულები და იმ პოზიტიურის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულები ,რომლებიც სტრატეგიულ გეგმებად ჩამოყალიბდა“.
უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი: „სამწუხაროდ, ჩვენ იმ რეალობაში აღმოვჩნდით, როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი სრულიად მოწყვეტილია რეალობას. როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს გათავისებული მისი როლი როგორც ხელისუფლების ნაწილის. ძალიან ძნელია ვისაუბროთ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესზე და ამიტომაც უკვე ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩნდება, რომ ჩვენ ვიყოთ, ადეკვატურად კრიტიკულები და ის რაციონალური მარცვალი ჩვენთან ერთად ეძებოს მთავრობამ და ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული როლი შეიძლება შევთავაზოთ მთავრობას, ჩემი აზრი ასეთია. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ის ვაკუუმი, რომელიც არის საზოგადოებაში, იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკული აზრი შეიძლება ბოლომდე არ იყოს მოტანილი ხელისუფლებამდე, ეს ვაკუუმი ალბათ ჩვენ თვითონ უნდა შევავსოთ“.
სხდომის დასასრულს, პრემიერმინისტრმა პარლამენტის წევრებს კიდევ ერთხელ მიმართა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.