საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, კომიტეტის წევრები (აუდიტის ჯგუფი): გოგი მეშველიანი, ბეჟან წაქაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, რომან გოცირიძე და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებიან. ჰააგაში, ნიდერლანდების წარმომადგენლობით პალატასა და სენატში მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს, საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე რეფორმებს. გარდა ამისა პროფილურ საკითხებზე შეხვედრები გაიმართა ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის და სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელობასთან. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის მანდატზე და ფუნქციებზე ისაუბრა. ასევე თუ რა მნიშვნელოვანი როლი აქვს აუდიტის სამსახურს საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ქართველი დეპუტატების სამუშაო ვიზიტი ჰააგაში კვირის ბოლოს დასრულდება.
საქართველოს პარლამენტის წევრები და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან
25/10/2023