„101 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღემდე არ დასრულებულა და არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ვიდრე ყველა არ აღიარებს საქართველოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას – შესაბამისად, ეს ბრძოლა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი თაობის ბოლომდე მისაყვანია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა. პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. პანაშვიდის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა იუნკერთა საფლავები და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. შალვა პაპუაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელი დღე ტრაგიზმისა და სიამაყის ნაზავია. მისივე თქმით, 101 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღესაც არ დასრულებულა.
„ეს იყო ტრაგედია, მაგრამ ამავე დროს, ვართ ამაყები, როდესაც იმ სიმტკიცეზე, სიმამაცესა და სულის გაუტეხლობაზე ვფიქრობთ, რომლითაც ახალგაზრდა იუნკერები დიდ არმიას არ შეუშინდნენ, შეებრძოლნენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცვეს საკუთარი სამშობლო. ამ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენს გმირ ჯარისკაცებს გვერდში ედგნენ ჩვენი გმირი ქალები. სწორედ ამ დღეებში დაიღუპა მარო მაყაშვილი, რომელიც პირველი ქალია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ეს ბრძოლა, იქნებოდა ეს იაღლუჯასთან, კოჯორთან, ტაბახმელასთან, მართალია, 101 წლის წინ იყო, მაგრამ ის დღემდე არ დასრულებულა. ეს ბრძოლა არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული, მანამ, სანამ ყველა არ აღიარებს საქართველოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიებს. შესაბამისად, ეს ბრძოლა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არის ჩვენი თაობის ბოლომდე მისაყვანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი თარიღი გლოვის დღე არ არის, ის გამარჯვების დღეა.
„დღეს, როცა პრეზიდენტის სასახლეზე, დღევანდელ დროშასთან ერთად, აღმართულია იმ პერიოდის დროშა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა შეუხებელია. იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რადგან დაგვიტოვეს ეს მაგალითი, რომლითაც უნდა ვზრდიდეთ ახალგაზრდებს. უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას და ქვეყნის სიძლიერეს, ზომას არ აქვს მნიშვნელობა, თუ იცი, რისთვის იბრძვი და რის გწამს. ეს დღე, რეალურად გლოვის დღე არ არის და არც უნდა იყოს. არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღები ჩვენი გამარჯვების თარიღებია, რადგან ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა – ამას რუსეთმა ვერაფერი ვერ მოუხერხა და ვერ მოუხერხებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იუნკერებმა მომავალ თაობებს თავდადების მაგალითი დაუტოვეს.
„იუნკერებმა დაგვიტოვეს თავდადების მაგალითი, რომელიც დღესაც რჩება სახელმძღვანელოდ თაობებისთვის. 1 საუკუნის შემდეგ, ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. დღეს ვართ დამოუკიდებლები, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა და განმტკიცება. ამას სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერის გამთლიანება, რომლის გარეშეც, ჩვენი ოცნება, პრაქტიკულად, მიუღწეველია. მჯერა, რომ ეს გზა თავისუფლებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, სტაბილურობაზე, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, სიმშვიდეზე და ჩვენი ერის გაერთიანებაზე. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იუნკერების იდეალებისკენ სწრაფვა – ეს იყო ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და იუნკერების შთამომავლები ესწრებოდნენ.