2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემაჯამებელი სხდომა გამართა. კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომისიის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა და შემდგომი პროცედურები განმარტა. მისი განცხადებით, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება, რომლის შემდგომაც აღნიშნული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურებით წარიმართება. კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მთავარი პროკურატურისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მომზადდა. რეკომენდაციების ნაწილი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საკითხებსაც შეეხება.
გივი მიქანაძემ კომისიის წევრებს პარლამენტის დადგენილების 8 გვერდიანი პროექტი გააცნო. დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, ძირითადად, პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება. ამასთან, გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. კომისიის წევრებმა რეკომენდაციების და პარლამენტის დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემაჯამებელი სხდომა გამართა
26/07/2021