საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორს, ინგებორგ სოულრუნს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარების პროცესისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. ინგებორგ სოულრუნის შეფასებით, ამ მიმართულებით, საქართველო რეგიონის ჩემპიონი ქვეყანაა, რომელიც რეალურ რეფორმებს ახორციელებს.
შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეების შეფასებით, ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტი მაგალითის მიმცემია სხვა ქვეყნებისთვისაც.
პარლამენტის თავმჯდომარემ ინგერბორგ სოულრუნს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო, სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები, ასევე, პარლამენტის რეგლამენტზე მუშაობის პროცესის მიმდინარეობა გააცნო.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა.
შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა ესწრებოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინგებორგ სოულრუნს შეხვდა
18/07/2018