თამარ ხულორდავამ ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს და თანატოლებს მიუსამძიმრა:
„მინდა გამოვეხმაურო იმ საზარელ და სამწუხარო შემთხვევას, რომელიც სულ ორი დღის წინ მოხდა თბილისში. ვუსამძიმრებ დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს და თანატოლებს. ეს არის უმძიმესი შემთხვევა და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
4-5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ უმასპინძლებს. აღნიშნული განცხადება, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ამ კონფერენციის მსჯელობის საგანი იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მისი ურთიერთობა და ჩართულობა პარტნიორებთან, ამ თანამშრომლობის აწმყო და მომავალი. ეს საკითხები დღეს, არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროკავშირთან გვაქვს მიმდინარე თანამშრომლობის გეგმები შემდეგი პერიოდის განმავლობაში. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი კონცენტრირებულია შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ზრუნავს იმაზე, რომ ბრექსიტის ფონზე შიდა რეფორმების გზით, შეინარჩუნოს ერთობა. მის წინაშე დგას უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებული გამოწვევები. სწორედ ამიტომ და ახლა მნიშვნელოვანია, საპარლამენტო პლატფორმის შექმნა, რომელიც შესაძლებლობებს მოგვცემს ჩვენ, საქართველოს პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ერთად ვიმსჯელოთ ჩვენს საერთო მომავალზე“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
დისკუსიაში საქართველოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები. წარმოდგენილი იქნება ოცამდე ქვეყნის ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წევრები. პოლიტიკოსებთან ერთად დისკუსიებში მონაწილეობა მიიღებენ ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
თამარ ხულორდავას თქმით, ევროკავშირი არის სტაბილურობის განვითარების, მომავალზე ორიენტირებული სივრცის მაგალითი. „ბევრმა უკვე წარმატებით განვლო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა, ზოგი ახლა არის შემდგარი ამ გზაზე, მათ შორის ჩვენც. ბევრ ქვეყანას აქვს პოლიტიკური ამბიცია, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ზოგი მასთან დაახლოებისკენ მიისწრაფვის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი საგარეო პრიორიტეტები ყველასთვის ცნობილია. ვიცით, რომ ძალა ერთობაშია. გვესმის, რომ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით უფრო კარგად შევძლებთ უპასუხოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მეტად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების და თავდაცვისუნარიანობის დაცვას, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას და ამ სტაბილურ გარემოში მეტ პირობებს შევქმნით უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა და რომელიც ხაზს უსვამს თემის აქტუალობას.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.
საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ტარდება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.