საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, PCR ტესტის ფლობის შემთხვევაში, გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა

21/10/2020

ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდ-სასტუმროებში ინფიცირებულებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ საავადმყოფოები გამოიყენოს მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ინფიცირებულებისთვის.

„კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობა კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, გრძელდება ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში. ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაისვა ბოლო დღეების განმავლობაში და ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდ-სასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასაკში არიან და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა არის და ეს ზრდა გაგრძელდება ჩვენთანაც, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვაგრძელებთ მართვის პროცესს, მათ შორის, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, დღეიდან, ძალაში შედის წესი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, PCR ტესტის ფლობის შემთხვევაში, გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და ეს წესი ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და სიმართლე გახლავთ შემდეგი – ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, ვისაც ექნება ტესტი წავა თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ეს ტყუილია და ემსახურება პანიკის დათესვას

„სამწუხაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან, მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთის საფუძველი ნამდვილად არ არის, ამ ნაწილში განსაკუთრებით, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, მარტივად რომ ვთქვათ არის ტყუილი და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებენ ალბათ ემსახურება პანიკის დათესვას”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში დღეს რეალურად 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი.

„თვითიზოლაციაში, დღეს, რეალურად, 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, სადაც ვთქვათ კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, ასეთი შემთხვევის შესახებ ზოგიერთი ადამიანი სოციალურ ქსელში წერს, მაგრამ ეს გახლავთ ერთეული შემთხვევები, ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ამის გამო, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას. ექიმები მუდმივად კონტაქტზე იმყოფებიან თივითიზოლაციაში, ბინაზე, კოვიდ-სასტუმროებში მყოფ პირებთან, 11 033 აქტიური პაციენტი დღეს რომელიც არის და 21 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია, რეალურად ეს ადამიანები ამ ხალხთან კონტაქტზე იმყოფებიან. რაც შეეხება ცრუ ინფორმაციებს, თხოვნა გვაქვს მაქსიმალური, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ამ ინფორმაციების გავრცელება ამ ფორმით, ყოველდღიურად ბრიფინგების ჩატარების ფორმატში. მოგეხსენებათ, პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწმუნეთ, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ თუ აპოკალიფსი იქნება, ჩვენ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით და ამისი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ყვებიან ამ ტრიბუნიდან, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე, ჩვენ ამის თქმას არ მოვერიდებით, ამიტომ გთხოვთ, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმის, ის, რაც ოფიციალური წყაროებით ვრცელდება, რაც stopcov.ge-ზე დევს, რაზეც ეპიდემიოლოგები გესაუბრებიან და რაზეც საბჭოს წევრები საუბრობენ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ პირველ რიგში სწორი ინფორმაცია მივიღოთ და მეორე – ერთობლივად ყველამ წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ვირუსის გავრცელებას ერთიანად ვებრძოლოთ,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0