„შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მდებარეობა გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარულ სესიაზე განაცხადა.
სამი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია დღეს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასამბლეის მიზანი საერთაშორისო არენაზე, სხვადასხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში ჩვენი ქვეყნების ინტერესების ერთობლივად დაცვა და პოზიციების უკეთ კოორდინირებაა.
„მოხარულები ვართ, რომ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა სწორედ საქართველოში იმართება. ასამბლეის მიზანია საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში ჩვენი ქვეყნების ინტერესების ერთობლივად დაცვა და ჩვენი პოზიციების უკეთ კოორდინირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას. ამ მიზნით, ჩვენი ამოცანაა ერთმანეთისთვის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებზე საპასუხოდ, ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება. ეს წამოწყება არის მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებული. მზად ვართ, მჭიდრო კავშირები დავამყაროთ ნებისმიერ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან, რომელიც ამავე სულისკვეთებით არის გამსჭვალული და მოწადინებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანა სრულად აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში და მზად არის მის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად.
„შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მდებარეობა გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნების როლს ამ რეგიონში. განვლილი გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ მზად ვართ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს როლს და წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინირების წარმატებული გამოცდილება უკვე გააჩნიათ და ეს გამოცდილება საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში დასავლეთისკენ სვლას და რეფორმების კოორდინირებას უნდა მოხმარდეს.
„ჩვენს ქვეყნებს, სუამ-ის ფარგლებში უკვე გააჩნიათ თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინირების წარმატებული გამოცდილება. ამ ასამბლეაში ეს გამოცდილება ჩვენ დასავლეთისაკენ სვლას და რეფორმების კოორდინირებას უნდა მოვახმაროთ. თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას სუამ-ის ფორმატშიც. ამისათვის ჩვენ ვატარებთ ფუნდამენტურ რეფორმებს სოციალურ-ეკონომიკური, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების, აგრეთვე სხვა მრავალი მიმართულებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „სხვა ვითარებაში ჩვენი ინდივიდუალური მცდელობები შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნების მოდერნიზებისა და საზოგადოებების დემოკრატიული გარდაქმნისთვის“.
ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელ ეპოქაში არიან ძალები, რომლებიც უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფუნდამენტს არყევენ და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრიან. თუმცა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დიდი გამოწვევების მიუხედავად, თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობა კვლავ ენერგიულად გაგრძელდება.
„დღევანდელ ეპოქაში არიან ძალები, რომლებიც არყევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფუნდამენტს, ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობენ საზოგადოებებში დაძაბულობასა და დაპირისპირებას, ხელს უშლიან ჩვენს არჩევანს გავერთიანდეთ დასავლურ ინსტიტუტებში. ეს ხდება ტერიტორიების პირდაპირი ანექსიითა და ოკუპაციით, შანტაჟით, მუქარით, ძალადობისა და ტყუილების პროპაგანდით, ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი და შეუფერებელი მეთოდებით. არსებული რეგიონული გარემო არ ქმნის სასურველ პირობებს მტკივნეული რეფორმებისთვის. თუმცა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, ჩვენ კვლავაც ენერგიულად გავაგრძელებთ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობას, რაც ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნების სრულფასოვანი წევრობის საფუძველი იქნება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იქნება ამ საკითხებზე საუბრისა და გამოწვევებთან გამკლავების ერთობლივი გზების დასახვის საშუალება. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების ერთადერთი ეფექტიანი გზა საერთაშორისო სოლიდარობა და ერთობლივი ძალისხმევაა.
„ორი დღის მანძილზე საშუალება გვექნება, ვისაუბროთ ამ საკითხებზე და დავსახოთ გამოწვევებთან გამკლავების ერთობლივი გზები. გვექნება შესაძლებლობა, უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქვეყნების შიდა პროცესები, რათა მივიღოთ სათანადო გადაწყვეტილებები. და ბოლოს, ეჭვგარეშეა, რომ ასამბლეის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ სამი ქვეყნის პარლამენტის წევრებს შორის ადამიანურ ურთიერთობებს, ნდობასა და მეგობრობას. საერთაშორისო სოლიდარობა, ერთობლივი ძალისხმევა გვესახება თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების ერთადერთ ეფექტიან გზად. შესაბამისად, ცხადია, ამ პროცესებში მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა დინამიურ და პროდუქტიულ პლატფორმად ჩამოყალიბდება“, – მიმართა დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სესიის მონაწილეებს მიმართეს მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრიან კანდუმ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ, ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ვალერიუს სიმულიკმა და ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა. მისასალმებელი სიტყვების დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ, ანდრიან კანდუმ და ანდრიი პარუბიმ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წესდებას მოაწერეს ხელიю