საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია პირდაპირი რეისების სტიმულირება

19/10/2023

2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს აეროპორტები 4,529,466 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას.

„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია პირდაპირი რეისების სტიმულირება. ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებიდან დაინიშნოს მეტი პირდაპირი რეისი და გაიზარდოს სიხშირეები. სწორედ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია, რომ დღეს გვაქვს პოზიტიური მაჩვენებელი ავიაციაში მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით – სასიხარულოა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა, რაც მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იზრდება როგორც პირდაპირი რეისების რიცხვი, ისე მგზავრთნაკადი. შედეგად, საქართველოში ჩამოდის კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მგზავრთნაკადის ზრდას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების 30 – მდე მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი რეისები. მისი თქმით, საამაყოა, რომ აღნიშნულმა აეროპორტმა მიმდინარე წელს მილიონ მგზავრს პირველად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0