საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს მიწის რეგისტრაცია გაუმარტივდებათ. რეფორმის ფარგლებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომლის ვადაც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, იმოქმედებს უვადოდ. სხვადასხვა მომსახურება 2022 წლის 1 იანვრამდე უფასო იქნება. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით.
მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ იმ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია დღეს შესაძლებელი არ არის. რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;
მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე;
შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ ოჯახების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის.
2022 წლის 1 იანვრამდე უფასო იქნება
● დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
● გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
● სანოტარო მედიაცია;
● მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
● ფაქტების კონსტატაცია;
● მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილების დარეგისტრირება
● სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ მიწად მიიჩნევა, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწები, ნაცვლად 1994 წლის შეზღუდვისა. სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს.
2016 წლიდან რეფორმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მომართვიანობა საშუალოდ 5-ჯერ გაიზარდა, ხოლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ტემპი სამზე მეტჯერ.
2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებულია. 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრირდა 738 483 განაცხადი რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია.
გამარტივებული წესის დანერგვა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. რაც მნიშვნელოვანია, როგორც მესაკუთრეთა უფლებების დაცვისთვის , ასევე ხელშემწყობი ფაქტორია ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწის რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი კანონპროექტი დამტკიცდა.