საქართველოს მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა

26/09/2017

საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა.
კანონპროექტი, საერთაშორისო სტანდარტებით დამაკმაყოფილებელ გარემოს შექმნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მაღალი ხარისხის ინვესტორი კომპანიების შემოსაყვანად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამონაწილეობითა და ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით შემუშავდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი კერძო კომპანია ჩაერთოს ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის პროცესში, რასაც მთავრობის ოთხპუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ქვეყნის სივრცითი განვითარების გეგმა მოიცავს. იმისათვის, რომ ჩვენ მაღალი რეპუტაციის და ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეების მოზიდვა შევძლოთ ქვეყანაში, რათა ისინი არა მხოლოდ კონტრაქტორებად, არამედ ინვესტორებად შემოვიდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გვჭირდება საერთაშორისო სტანდარტების კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა. ეს, ერთი მხრივ გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხს; მეორეს მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის კერძო კომპანიებისთვის და მესამე მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი განტვირთვა სახელმწიფო სუვერენული ბალანსის, ანუ საბიუჯეტო ხარჯების კუთხით. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ უფრო დიდი მასშტაბის პროექტების განხორციელებისთვის განვტვირთოთ სახელმწიფო ბიუჯეტი და მაქსიმალურად ჩავრთოთ კერძო კომპანიები ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში.
კანონმდებლობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ამყარებს კარგ ბალანსს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ინტერესებს შორის, ისე, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს და ამავე დროს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა.
ჩარჩო-კანონმდებლობა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0