საქართველოს მთავარ პროკურატურაში ევროკავშირის მისიასთან შეხვედრა გაიმართა

31/01/2018

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ევროკავშირის მისიასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროებში ევროკავშირის მიერ საქართველოს საჭიროებების გაცნობასა და მომავალი დახმარების პროგრამის შედგენას.
შეხვედრას, რომელიც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ გახსნა საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, ეროვნული ბანკის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მამუკა ვასაძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას და ევროკავშირის წარმომადგენლებს გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურისა და წარმოდგენილი უწყებების თანამშრომლებმა ევროკავშირის მისიას, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და არსებული საჭიროებების თაობაზე მოსაზრებები გაუზიარეს.
ევროკავშირის მხარე ქართულ მხარეს დაპირდა, რომ თითოეულ იდენტიფიცირებულ საჭიროებას განიხილავს და შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს დახმარებას გაუწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0