საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

24/05/2018

საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს. ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურის და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ირაკლი შოთაძემ და დავით ასათიანმა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.
თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს: პრაქტიკის განზოგადების მიზნით, „ბენჩ-ბარის“ ფორმატის საერთო მრგვალი მაგიდებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას; ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულების შემცირების მიზნით საერთო ღონისძიებების ორგანიზებას; მხარეების მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; ინფორმაციის გაცვლას კვალიფიკაციის ამაღლების ისეთ შესაძლებლობებზე, რომელთა გამოყენება თანაბრად რელევანტურია პროკურორებისა და ადვოკატებისთვის; ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ ქცევის ერთიანი სტანდარტის განზოგადებასთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას; დანაშაულის პრევენციის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს;
აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურასა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და განვითარებას, რაც მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0