საქართველოს კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, ქუთაისში საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

08/10/2022

საქართველოს კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. საკონსტიტუციო ცვლილებები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესაბამისად მომზადდა. ცვლილებების პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის მიზეზები გააცნეს. კომისიის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით აირჩევს. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მესამე კენჭისყრაზე შესაძლებელია გენერალური პროკურორი არჩეული იქნეს სრული უმრავლესობით ანუ 76 ხმით, თუმცა, მისი უფლებამოსილების ვადა იქნება არა 6 წელი, როგორც დღევანდელი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, არამედ მხოლოდ ერთი წელი. ერთი წლის გასვლის შემდეგ იგივე პროცედურა დაიწყება. კენჭისყრებს შორის პერიოდი არაუადრეს 28 დღისა უნდა იყოს, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ პოზიციების დაახლოება.

„კონსტიტუციური კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანას. საქმე შეეხება დროებით საგამონაკლისო წესს, კერძოდ, გენერალური პროკურორის დღეს არსებული რედაქციისგან განსხვავებული წესით. მოგეხსენებათ, რომ დღეს გენპროკურორი აირჩევა მრავალეტაპიანი ფორმატით, საპროკურორო საბჭოს მეშვეობით საქართველოს პარლამენტი ირჩევს 6 წლის ვადით, არის კონსტიტუციური ორგანო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულება აღებული, მოგვიწია ამ ვალდებულების წარდგენა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” გაატარა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა.

„იყო პერიოდი, 2003 წელს, როცა საქართველოს კონსტიტუციით პროკურატურა მართლმსაჯულების სისტემაში შედიოდა. ამის შემდეგ კონსტიტუციური ჩანაწერი პროკურატურასთან დაკავშირებით აღარ არსებობდა. არსებობდა კანონი პროკურატურის შესახებ და 2015 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება პროკურატურის დეპოლიტიზაციისთვის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისთვის, მიუკერძოებლობისთვის და შესაბამისი გარანტიების შექმნისთვის.

2017 წლამდე გენერალური პროკურორი აღმასრულებელ ვერტიკალში შედიოდა და მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ინიშნებოდა, შემდგომ პროკურატურის კანონში დარეგულირებული საკითხებით უკვე შემოვიდა პარლამენტის კომპონენტი და პარლამენტის მიერ მისი არჩევის საკითხი.

„ქართულმა ოცნებამ” გაატარა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ამ რეფორმის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ პროკურატურა გამხდარიყო კონსტიტუციური ორგანო, შესაბამისად, კონსტიტუციაში განისაზღვრა, რომ ეს გახლავთ კონსტიტუციური ორგანო, გენპროკურორი აირჩევა 6 წლის ვადით, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ვადას არ უნდა ემთხვეოდეს და გენპროკურორის არჩევის საკითხი არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომისიის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ფორმალური პროცედურის მიხედვით შეხვედრა გავმართოთ, არამედ საინტერესოა, როგორ შეიძლება, რა არგუმენტებით შეიძლება მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე ოპტიმალური იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას თქმით, ცვლილება არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ დეპუტატი გარკვეულ რისკებს ხედავს.

„ცვლილებები მისაღებია, კარგია, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა მოხდა ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, იქაც ასე იყო – 90 ხმით, მაგრამ ეს ვერ შეგროვდა და პრობლემები არ გვინდა. კიდევ კარგი, რომ ეს არის დროებითი, გარდამავალი“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით, მისი პარტია ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს მიუხედავად იმისა, რომ არაფერი შეიცვლება მისი მიღებით საქართველოს პროკურატურაში.

„გენპროკურორი არის ცენტრალიზებული ძალაუფლების მქონე ადამიანი, რომლის მოვალეობაც არის სათანადოდ წარადგინოს დამნაშავე სასამართლოში. ჩვენ ასეთი ტიპის ადამიანს ვირჩევთ. პროკურატურას გვქვს , პრაქტიკულად, უზარმაზარი ძალაუფლებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები არიან: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი. კომისიის წევრები საპარლამენტო ოპოზიციიდან არიან: საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი,

პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და უფრაქციო პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი. სახალხო განხილვის პროცესში სტუდენტები, ასევე, აკადემიური, პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის თვალის მიდევნების საშუალება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდზე, სოციალურ ქსელსა (Facebook) და Youtube არხზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0