საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

12/01/2016

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სამშენებლო-სარემონტო ბაზის რეორგანიზაციის შესახებ, მიმდინარე რეფორმის პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და ეფექტურობის ზრდას – ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის არსებული ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას, ნაკლებ ბიუროკრატიულ ხარჯებსა და ფინანსური პოლიტიკის ოპტიმიზაციას.

ფაქტები არის ძალიან მარტივი და ნათელი და თავად განმარტავენ ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ობიექტურობას.
პირველი – თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების 90 პროცენტი მრავალი წელია, ტენდერების შედეგად შერჩეული კომპანიების მიერ ხორციელდება.

მეორე – ტენდერში გამარჯვებული სამოქალაქო სამშენებლო კომპანიები სამხედრო ბაზებს, საცავებს, საიდუმლო ობიექტებს, სასადილოებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ნაგებობებს აშენებენ.

მესამე – სტრუქტურული ერთეული, რომელმაც დღეს აქცია გამართა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ძირითადად, თბილისში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობით იყო დაკავებული.

მეოთხე – სამუშაო ადგილების გაუქმებაზე საუბარი უადგილოა, რადგან სამუშაოები შესასრულებელია და ღია, გამჭვირვალე ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები გაზრდილი სამუშაოს შესაბამისად გააგრძელებენ პროფესიონალების დასაქმებას.

ამასთან, მათი მოქმედების არეალი საქართველოს რამდენიმე ქალაქში ანალოგიური ტიპის საცხოვრებელი კორპუსების შეკეთება იყო. სწორედ, აღნიშნული მიმართულება წარმოადგენდა მათი საქმიანობის 90 პროცენტს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ საიდუმლო ობიექტებს აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის გარდა სხვა ვერ შეასრულებს, სიცრუე და სპეკულაციაა.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მრავალი წელია ძირითადი, საიდუმლო და არასაიდუმლო სამშენებლო სამუშაოები ტენდერებით შერჩეული კომპანიების მიერ ხორციელდება.

გარდა ამისა, აღნიშნული ბაზის მხოლოდ სახელფასო ფონდი, ყოველწლიურად, 7 მილიონ ლარს აღემატება, რაც თავისთავად სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მცდარი, არაეფექტური და არამიზნობრივი გამოყენების კლასიკური მაგალითია. თუკი თავდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს საკუთარი სამშენებლო ბაზა, მაშინ გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ასეთივე სამშენებელო ბაზა ჰქონდეს, მაგალითად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც გაცილებით მეტი ადამიანის საბინაო პრობლემებს ყოველდღიურად აკმაყოფილებს, ან -საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენებს.

ცალსახად და ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არ არის სახელმწიფოს საქმე. მსგავსი მიდგომა საფუძველს უსპობს კერძო ბიზნესის განვითარებას, კლავს კონკურენტუნარიან გარემოს და ხელს უწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვის მსურველთა გაჩენას. აქვე, აუცილებელად უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო მიზნებისათვის საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში არსებობს საინჟინრო ბრიგადა, რომელიც პერიოდულად გადის სამხედრო წვრთნებსა და შესაბამის სწავლებებს, რათა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენარჩუნება უზრუნველყოს.

ზემოაღნიშნული ბაზის ტექნიკური საშუალებები და პროფესიონალების ერთი ნაწილი სწორედ საინჟინრო ბრიგადის დაქვემდებარებაში გადავა და ამ ბრიგადას კიდევ უფრო გააძლიერებს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ არც ერთი პროექტი, რომელშიც აღნიშული ბაზა იყო ჩართული არ გაჩერდება და 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ფართს, დაპირებისამებრ, 2016 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო დაჩქარებულ ვადებში მიიღებს.
სამშენებლო-სარემონტო ბაზის თანაშრომლებს ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ეცნობათ, რომ მათი კონტრაქტები ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა. შესაბამისად, განცხადებები ინფორმაციის მოულოდნელობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე ან შეხვედრაზე, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და კვლავ მზად ვართ დამატებითი განმარტებებისთვის და ამ ადამიანებთან სასაუბროდ – ეს აქციის მონაწილეების განცხადებებმაც დაადასტურა. მაგრამ, თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან უსაგნო პოლიტიკურ დებატში შესვლას. ისინი, უბრალოდ, ზუსტად უნდა ჩამოყალიბდნენ – საბჭოთა კავშირის აღდგენა სურთ თუ, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0