საქართველოს ელჩი თურქეთში: საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე ოფიციალური მომართვა არც ერთი ორგანოდან არ ყოფილა

08/01/2016

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ნახატის კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის ოფიციალურ სტრუქტურებს საელჩოსთვის არავითარი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

კოპლატაძის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეც არ განთავსებულა.

„იმ შემთხვევაში, როდესაც არის ან ეჭვმიტანილი, ან დაკავებული პიროვნება, თურქეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, საელჩოს, ან სტამბოლში გენერალურ საკონსულოს მიმართავენ. მსგავსი ოფიციალური მომართვა და შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე არც ერთი კომპეტენტური ორგანოდან ამ მომენტისთვის არ ყოფილა. ის ერთი ინფორმაცია, რაც გავრცელდა, არის გავრცელებული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არ დევს“, – განაცხადა კოპლატაძემ.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებული პირები ცდილობდნენ, ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ტილო სტამბოლში გაესაღებინათ.

ინტერნეტგამოცემა milliyet.com.tr წერს, რომ ორი ბიზნესმენი სტამბოლის ცენტრში მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც ისინი კლიენტების სახელით მისულმა პოლიციელებმა აიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გზით მოხვდა ძვირადღირებული ტილო საქართველოში. თურქული მედია ვარაუდობს, რომ ნახატი, რომელიც წინასწარი მონაცემებით ორიგინალია, ევროპაშია მოპარული.

გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი – ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0