საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება

18/06/2020

ბოლო წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის და სისტემისთვის განსაკუთრებით სავსე იყო გამოწვევებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მედიასთან განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს მადლობა გადაუხადა იმ თავდადებისთვის, ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს.

„ეს არის სამინისტრო, რომელიც ზრუნავს, რომლის პასუხისმგებლობის სფეროშიც შედის ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, ჩვენი დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, უამრავი სფერო. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არის სისტემური უწყება, რომელმაც წარმოგვიდგინა ანგარიში. მინდა კიდევ ერთხელ, ამ დარგის თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ ექიმს მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, ეფექტური და მაღალპროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს და მოგვცეს შესაძლებლობა, ყველას ერთად, ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავუმკლავდეთ და ეფექტურად ვაკონტროლოთ კოვიდ ინფექცია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა იყოს დაბალანსებული.

„ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად იმისთვის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს. ჩვენს სოციალურ გარემოს და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას ხდიდეს უფრო მდგრადს. ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა და რაც პარლამენტშია იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა მთავრობის პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეკონომიკის აღდგენის გეგმა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული და უნდა ითვალისწინებდეს, როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე, იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას აქვს.

„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ გახდება უფრო ეფექტური. ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური პლატფორმის ჯგუფებთან ვსაუბრობთ. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებულად გაკეთებული იმისთვის, რომ შემდგომი პოსტკრიზისული საშუალო და გრძელვადიანი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის გეგმა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული და უნდა ითვალისწინებდეს, როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე, იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია. საქართველოს აქვს დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს.ჩვენ ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია, ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ჩვენი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო და უფრო პოზიტიურად იცვლება, გვაქვს შესანიშნავი და დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და გვაქვს, რაც მთავარია მაღალინტელექტუალური ადამიანური რესურსი , რომელმაც უნდა შექმნას ყველაზე მაღალი დამატებითი ღირებულება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0