საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა

30/12/2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა. ვახტანგ ცინცაძე ამ პოზიციაზე დანიშვნამდე 2017 წლიდან სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
იგი ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე 2009 წლიდან მუშაობს. კერძოდ, 2009-2013 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად მუშაობდა; 2013 – 2016 წწ. დაიკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ხოლო 2017 წლიდან არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობის პერიოდში ვახტანგ ცინცაძეს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მომზადებაში. მათ შორისაა, საპენსიო რეფორმის (მეორე სვეტი) კონცეფციის შემუშავება და რეფორმის ეკონომიკური ეფექტების შეფასება/ანალიზი; საჯარო და კერძო თანამშრომლობის კონცეფციის და ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; გადახდისუუნარობის რეფორმის ფარგლებში ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების განვითარება – საკრედიტო-საგარანტიო სქემის დიზაინის შემუშავება, იპოთეკური სესხების სუბსიდირების და საგარანტიო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარება – ლიზინგის განვითარების კონცეფციის და ფაქტორინგის კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა; წიაღის სექტორის რეფორმის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0