საქართველოს ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება

08/09/2020

„მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალობას, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ `საქსტატის` მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით მეტია 2019 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით. ნათია თურნავას თქმით, პოზიტიური დინამიკა გლობალური პანდემიის ფონზე მიმდინარეობს და იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოში ინვესტიციების 40%-იან ვარდნას ვარაუდობენ.

“ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობის ზრდა მკაფიოდ მიანიშნებს, რომ უცხოელ ინვესტორებს არა თუ გააქვთ მოგება, რომელსაც საქართველოში იღებენ, არამედ ტოვებენ ქვეყანაში და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან “, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტირების მოცულობის ზრდით იყო განპირობებული. რეინვესტირების მოცულობა 2020 წლის მეორე კვარტალში 63.5 პროცენტით გაიზარდა და 144.7 მლნ. აშშ. დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.8 პროცენტი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0