საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივოა

07/05/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის დღეებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებისა და პარტნიორების ორგანიზებით რიყის პარკში გაიმართა.
პარკში ევროპული ქვეყნების 18 სტენდია წარმოდგენილი. საელჩოს წარმომადგენლები მოსახლეობას ევროპული განათლებისა და სტუდენტური პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.
გიორგი მარგველაშვილმა ევროპის დღეებზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე და მის შედეგებზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე განსაზღვრა საკუთარი ევროპული არჩევანი, რომელ არჩევანსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად განვსაზღრვეთ ეს არჩევანი და ვთქვით, რომ საქართველო ევროპულ, ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანაა.
ამ პოლიტიკურ არჩევანს არ აქვს ალტერნატივა იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ქართული საზოგადოება აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მართავენ ქვეყანას.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ყველაზე თამამ ნაბიჯებს დგამს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში დაასახელა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა.
ბოლო დღეებში ამ თვალსაზრისით მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ამერიკაში და ევროსაბჭოში საქართველოს ელჩებს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში იანოშ ჰერმანს, რომლებმაც დღევანდელი დღე, არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სახალხო დღესასწაულად აქციეს.
ბოლო წარმატებებს შორის გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში ევროსაბჭოს კომიტეტის დასკვნა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული კანონი დაასახელა.
„არცერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აღიარებს არ იქნება ფინანსურად მხარდაჭერილი ამერიკის მიერ. ეს ის გამარჯვებებებია, რომელსაც ჩვენ დიპლომატიურ არენაზე ვზეიმობთ. ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ოკუპაციის მიმართ ქართული დიპლომატია და ქართული საზოგადოება, მხოლოდ გამარჯვებებს ზეიმობს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის დღეებს ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად სტუმრობდა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0