საქართველოს და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეორე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

27/08/2019

თბილისში საქართველოს და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეორე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა მინისტრის მოადგილეების დონეზე. კონსულტაციებისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის თემები, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, საკონსულო საკითხები, ასევე, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს და ყირგიზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასევე მზარდია ყირგიზი ტურისტების ნაკადი საქართველოში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოში განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ყირგიზ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. თავის მხრივ, ყირგიზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აზიზბეკ მადმაროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა ყირგიზეთის მთავრობის მიერ. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0