დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან ერთად სამუშაო ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილმა, როგორც ესპანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ესპანელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პაუ მარი-კლოსესთან შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა მეგობრობის ჯგუფების ფორმატში სამომავლო თანამშრომლობის საკითხი დააყენა, თუმცა როგორც ესპანელმა კანონმდებელმა აღნიშნა, ესპანეთის პარლამენტს სხვა ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფები არ აქვს და მისი ჩამოყალიბება პროცედურულ საკითხებს უკავშირდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. შესაბამისად, ესპანური მხარე მზად არის საქართველოს პარლამენტთან თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში ითანამშრომლოს. ერთ-ერთი პირველი თემატური ჯგუფი კი, რომელიც საქართველოს პარლამენტთან შემდგომი ურთიერთობებისთვის შეიქმნება, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებთან მუშაობას დაეთმობა. პაუ მარი-კროსეს განცხადებით, ესპანური მხარე მზაობას გამოთქვამს ქართველ კოლეგებს გააცნონ და გაუზიარონ ის გამოცდილება, რომელიც ქვეყანამ 30 წლის წინ, ევროკავშირში გაწევრიანებამდე განვლო. დავით სონღულაშვილმა ესპანელ კოლეგასთან გამართული შეხვედრა საინტერესოდ და მნიშვნელოვნად შეაფასა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის და კომუნიკაციის გაღრმავების საკითხებზეც შეთანხმდნენ.
საქართველოს და ესპანეთის პარლამენტები თემატურ საკითხებზე ითანამშრომლებენ
19/01/2021