საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.
პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი სახელმწიფოს შექმნა, გულისხმობს იმას, რომ ის ბუნებრივი ევროპულობა, რომელიც გააჩნია ქართველს და ქართულ კულტურას უნდა გადავიტანოთ ადეკვატურ პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ადეკვატურ პოლიტიკურ მოწყობაში, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისეთ ფორმაში, როგორიც ევროპაშია.
ინტერალიეს სასახლეში საზეიმო მიღებაზე საქართველოს დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ, ასევე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საფრანგეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.ინტერალიეს სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე- დელონმა მიმართეს.
,,25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირისგან, მაგრამ ახლა იწყება სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.
ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენს მომავალ მიზნად დამოუკიდებლობის თავისუფლებისკენ სვლა და 2016 წელი გამოვაცხადეთ ევროპული სახელმწიფოს წლად.
ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი, მაგრამ თავისუფალი სწორედ მაშინ გახდება საქართველო, როცა თავის ბუნებრივ იდენტობას განხორციელების და ბუნებრივად შექმნის ევროპულ სახელმწიფოს”,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებულმა ანსამბლმა ,,სულოკომ” კონცერტი გამართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე პარიზში
23/04/2016