ლისაბონში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე, ხოლო პორტუგალიური მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი, ფრანსიშკო დუარტე ლოპეში.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. ხაზი გაუსვეს მზარდ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე ისაუბრეს კულტურისა და განათლების სფეროებში კავშირების შემდგომი გაღრმავებაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ლუზოფონურ სამყაროსთან საქართველოს დაახლოების პროცესზე. ამ კუთხით განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კამოეშის ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობა.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მიღწეული წარმატებები.
მხარეებმა აღნიშნეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ითქვა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, განსაკუთრებით, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში საქართველოს სასარგებლოდ ცვლილებების დროულად შეტანის აუცილებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, პორტუგალიურმა მხარემ გამოხატა სრული მზაობა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. ამასთან, განხილვის თემას წარმოადგენდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
პოლიტიკური კონსულტაციების დროს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. ხაზი გაუსვეს რეგულარული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების აუცილებლობას. გადაწყდა, რომ ნაცვალგების პრინციპით, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მომდევნო რაუნდი თბილისში გაიმართება.
პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ შეხვედრები გამართა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან, მურადო მურარგუსთან და პორტუგალიის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის, ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტთან, რეგინა ბასტოშთან.
ნაციონალურ ასამბლეაში გამართულ შეხვედრაზე ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და გამოთქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით.